19 აპრილი 2024,   03:05
ვრცლად
"ხელისუფლება ცდილობს ფარცხალაძესთან დაკავშირებული საქმეების ჩაფარცხვას და ამას ემსახურებოდა ეს შეტევაც" - მიხეილ ბენიძე

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე, არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით განხორციელებულ უპრეცენდენტო შეტევაზე არჩევანის ეთერში საუბრობს.

ბენიძის თქმით, ირაკლი კობახიძის ბრიფინგი, სადაც მან გვარამია და არასამთავრობოები "ფაშისტებად" მოიხსენია, სწორედ მესამე სექტორის კრიტიკისკენ იყო მიმართული.

„წელს პირველად ვხედავთ ასეთ უპრეცენდენტო შეტევას არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ნამდვილად დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ეს არის კოორდინირებულად კონკრეტულად სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე მიმართული და ეს დაიწყო საია-ს კვლევიდან, როდესაც საია-მ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაზე გამოაქვეყნა კვლევა და ამ კვლევაზე რეაგირება ცესკო-ს თავმჯდომარის და საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, რომ საია არის არაპროფესიონალი და არაკომპეტენტური,“ - განაცხადა ბენიძემ და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, მხრიდან გახმოვანებული კრიტიკაც მოჰყვა.

ბენიძე ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიზირებულები იყვნენ.

მიხეილ ბენიძის თქმით, მესამე სექტორზე კოორდინირებული შეტევა ომეგა ჯგუფის საქმეზე გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით 13 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული ერთიანი  განცხადების შემდეგ დაიწყო.

„მიზანი იყო ის, რომ სასწრაფოდ ყურადღება გადატანილიყო იმ მწვავე თემებიდან, რომელზეც სწორედ ჩვენი განცხადება საუბრობდა და მათ იგრძნეს, რომ ეს იყო საკმაოდ მწვავე განცხადება და როგორც ჩანს, ზუსტად მიზანში მოხვდა ეს განცხადება იმიტომ, რომ ძალიან სერიოზულ პრობლემებზე ვსაუბრობდით ჩვენ მართლა და ჩაირთო, დაახლოებით, იგივე სახის რეჟიმი, როგორი რეჟიმიც ირთვება ხოლმე ყოველთვის, როდესაც ბატონ ფარცხალაძესთან დაკავშირებული სხვადასხვა ხმაურიანი საქმეების შესახებ მიმდინარეობს საუბარი. მუდმივად ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ ფარცხალაძესთან დაკავშირებული საქმეების ჩაფარცხვას და სწორედ ამას ემსახურებოდა ეს შეტევაც, მათ შორის, რომ სასწრაფოდ ყურადღება ძირითადი საკითხებიდან გადატანილიყო რაღაც სხვა თემაზე და ისე მოეჩვენებინათ საზოგადოების თვალში, რომ თითქოს, არასამთავრობო სექტორი არის დღეს მთავარი პრობლემა საზოგადოების,“ - განაცხადა ბენიძემ.

მისი თქმით, იმისთვის, რომ მთავარი საკითხებიდან ყურადღება არ გადაიტანოს ხელისუფლებამ, მესამე სექტორმა დაიწყო კამპანია  #არჩაფარცხო.

დღის ამბები