23 აპრილი 2024,   22:34
ვრცლად
"უცებ ვარკვევთ, რომ სარდაფში ვზივართ" - ლიკა ბასილაია-შავგულიძე

„მგონია, რომ მივდივართ დაღმასვლით,“ - ეს განცხადება საინფორმაციო პორტალ  ევროპა საქართველოსთვის დამფუძნებელმა, ლიკა ბასილაია-შავგულიძემ, არჩევანის ეთერში ქვეყანაში განვითარებული ბოლო დროინდელი მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

„ჩვენ ვექვემდებარებით მხოლოდ ერთი ადამიანის ნება-სურვილს ამ ქვეყანში და ძალაუნებურად, რომ ვერ ვცვლით ამ სიტუაციას, მძევლებიც ვართ, პაიკებიც ვართ და არ ვიცი, განწირულები ვართ ამისთვის, თუ უნდა ვიბრძოლოთ ყველამ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, მე სიმართლე გითხრათ, არ მესახება,“ - განაცხადა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.

ის ამბობს, რომ დღევანდელი რეალობა ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ჩრდილოვანი მმართველობა არსებობს, ხოლო ომეგა ჯგუფის საქმესთან დაკავშირებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა აჩვენა, რომ ადამიანის უფლებები კვლავაც ირღვევა.

„ის (ფარცხალაძე) არის ჩრდილოვანი ძალოვანი სტრუქტურა, რაღაც დაჯგუფება. ის მარტო არ არის, როგორც ჩანს, არიან შეიარაღებული ხალხი მის გარშემო. არ ვიცი, რაღაც პენტაგონის ტიპის რაღაც სტრუქტურა აქვს გაშენებული, სახლია თუ რა ხდება იმ სარდაფებში. გაუგებარია აბსოლუტურად, საიდან გაუჩნდა ეს ამხელა ფული და არის თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის ნების შემსრულებელი, თუ რასთან გვაქვს საქმე და ამ ყველაფერზე ბატონ არჩილს სიტყვაც არ დასცდენია, გარდა იმისა, რომ, თურმე, გაყალბებული ყოფილა ეს ჩანაწერები,“ - განაცხადა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.

მისი შეფასებით, ქვეყანა არ ვითარდება და მისი თქმით, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა.

"უცებ ვარკვევთ, რომ სარდაფში ვზივართ და როდის დაგვეცემა თავზე ფარცხალაძე და რომელიმე სადამსჯელო რგოლი და სად მიდის ჩვენგან გადახდილი გადასახადები, სიმწრით ნაშოვი, შეკოწიწებული შემოსულები სად მიდის და ვის მიაქვს სინამდვილეში, რომელ ყულაბაში ჩაედინება, ჩვენ ეს არ ვიცით და ვითხოვთ პასუხებს და იმის გამო, რომ პასუხებს ვითხოვთ, ამიტომ ვხდებით აგრესიის მსხვერპლი, წინასაარჩევნოდ მითუმეტეს?" - განაცხადა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.

დღის ამბები