25 აპრილი 2024,   18:58
ვრცლად
სესხის გაცემის პროცედურის გამკაცრება - ეროვნული ბანკი ახალ რეგულაციებს აწესებს, ბიზნეს სექტორი კი შავი ბაზრის გაჩენის საფრთხეზე საუბრობს 

ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები და ბიზნესმენების პასუხი ეროვნულ ბანკს. სპეციალისტები ამბობენ, რომ სესხების გაცემის პირობების გამკაცრება ბიზნესს და კერძო პირებს მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის.

ამ საკითხზე ბანკების ასოციაციის წარმომადგენლებმა, ბიზნეს სექტორთან დახურულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

საუბარია შეზღუდვებზე, რომლის მიხედვითაც სესხების ხელმისაწვდომობა შემცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა ვეღარ აიღებენ სესხებს. ის პირები, რომელთაც უკვე აღებული აქვთ სესხი, არსებულ საბანკო ვალზე სესხს ვეღარ დაიმატებენ.

გარდა ამისა, შეიზღუდება იპოთეკური სესხით სარგებლობის დრო და 15 წლით განისაზღვრება, ამავდროულად უძრავი ქონებით უზრუნველყოფის მაქსიმალურ 10 წლიან ვადაზე. ასევე შეიზღუდება სესხის გადახდის ვადა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ახალი რეგულაციები საშუალო და მცირე ბიზნესისთვის კრედიტზე წვდომას შეაფერხებს, რაც ამ სეგმენტის განვითარებაზე უარყოფითად აისახება.

ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ახალი რეგულაციები გამოიწვევს უკუშედეგს, რადგან არსებული ფერმერული მეურნეობები ვეღარ განვითარდებიან. ნინო ზამბახიძე შიშობს, რომ გარკვეული ჯგუფი თავად ჩამოაყალიბებს შავ ბაზარს.

„ერთის მხრივ ჩვენ ვამბობთ, რომ ჭარბვალიანობას ვებრძვით, თუმცა ამ ნაწილში მგონია, რომ ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკება უფრო მარტივი არის იგივე რესტრუქტურიზაციაზე და ძალიან გაჭირდება ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკება. ამიტომ ვფიქრობ ეს ძალიან სერიოზულ პრობლემას შეუქმნის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა აღარ იარსებებს და  გაჩნდება ჯგუფი ადამიანების ვინც ჩამოაყალიბებს შავ ბაზარს,“-ამბობს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელი ნინო ზამბახიძე.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ მცირე და საშულო ბიზნესში ისედაც არსებობს ფინანსებზე წვდომის პრობლემა. მიხეილ კორძახიას თქმით, რეგულაციები ბიზნესს კიდევ უფრო შეუზღუდავს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას.

„ხელისუფლებას დარწმუნებული ვარ, ადეკვატური ზომების მიღება დასჭირდება, რომ არ გაფუჭდეს ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა და სოციალური ფონი რომ იყოს გამოსწორებული,“-ამბობს მიხეილ კორძახია.

დღის ამბები