16 ოქტომბერი 2018,   13:09
ვრცლად
ვხედავთ, რამდენად აგრესიულად ესაუბრებიან მაღალი თანამდებობის პირები „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებს, ეს არის გარკვეული გზავნილი - ეკა გიგაური

„ჩვენ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ვხედავთ, რამდენად აგრესიულად ესაუბრებიან მაღალი თანამდებობის პირები „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებს,“- ეს განცხადება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა გააკეთა.

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი „კურიერის“ ჟურნალისტ ეკა გაგუასა და ოპერატორ ლევან კალანდიაზე განხორციელებულ თავდასხმას  გამოეხმაურა.

ეკა გიგაურის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან „რუსთავი 2"-ის მისამართით გაკეთებული აგრესიული განცხადებები სხვა ადამიანებისთვის გზავნილია, რაც მიუღებელია. ის მთავრობას მოუწოდებს, რომ მსგავსი ფაქტების წახალისებას ხელი არ შეუწყოს. 

„ცხადია, ეს არის გარკვეული გზავნილი სხვა ადამიანებთან მიმართებაში, რომ მათ შეუძლიათ, თავს უფლება მისცენ და ასეთი აგრესიულობით იყვნენ გამორჩეულები „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებთან მიმართებაში. ეს არის მიუღებელი. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, რომ არ მოეწონოს ნებისმიერი არხის სარედაქციო პოლიტიკა, ეს არ არის იმის საფუძველი, რომ აგრესიულად გამოირჩეოდეს ჟურნალისტებთან მიმართებაში. ეს არის კანონის დარღვევა და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მთავრობამ გაითვალისწინოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მოსახლეობაში ასეთი გზავნილები არ გაავრცელოს,“- განაცხადა ეკა გიგაურმა.

ჟურნალისტ ეკა გაგუას და ოპერატორ ლევან კალანდიას, რომლებიც რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდნენ, ჩინეთის რკინიგზის 23 -ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები