25 აპრილი 2024,   21:44
ვრცლად
„ბიძინას ხელის ბიზნესმენები მაქსიმალურად ცდილობენ რუსეთთან დაახლოებას" - არასაპარლამენტო ოპოზიცია ჩანაწერებს აფასებს

„ბიძინას ხელის ბიზნესმენები მაქსიმალურად ცდილობენ რუსეთთან დაახლოებას,“- ასე აფასებს არასაპარლამენტო ოპოზიცია „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გასაჯაროებულ ახალ სკანდალურ ფარულ ჩანაწერებს, საიდანაც ირკვევა, თუ როგორ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები რუსეთთან დაახლოებას ცდილობენ.

„ყველაზე საშინელი ამ ჩანაწერებში არის ის, რომ ბიძინას ხელის ბიზნესმენები მაქსიმალურად ცდილობენ რუსეთთან დაახლოებას. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, რა მოლაპარაკებები აქვთ. იმედიც კი არ გვაქვს, რომ ამ მოლაპარაკებებში მონაწილე ადამიანები ერთ დღეს ოქრუაშვილივით გაასაჯაროებენ დღეს არსებულ ვითარებას მომავალში. სამწუხარო ეს არის და საშიშიც სწორედ ეს არის. ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით რეაქცია არ აქვს,“- განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ.

არასაპარლამენტო ოპოზიცია სკანდალურ საკითხზე უსწრაფეს და ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს.

„მივმართავ პოლიტიკურ პროკურატურას, რომ ყიფიანის მაგვარი ზღაპრები ამ საქმეში უბრალოდ წარმოუდგენელია. არ აქვს მნიშვნელობა, ვის მოსწონდა წინა ხელისუფლება და არ მოსწონს ეს ხელისუფლება, აქ არის საქმე, რომ შესაძლოა, ქვეყანაში არსებობდნენ პირები, რომლებიც მტერ სახელმწიფოსთან თანამშრომლობენ და გეგმავენ ხელისუფლების დამხობას. აქედან გამომდინარე, საჭიროა, აუცილებელია ამ საკითხებზე უსწრაფესი რეაგირება,“- განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ლევან სამუშიამ.

დღის ამბები