16 აპრილი 2024,   16:20
ვრცლად
ბათუმში სტომატოლოგისგან დაზარალებულმა პაციენტებმა აქცია გამართეს

ბათუმში ექიმი-სტომატოლოგისგან დაზარალებულმა პაციენტებმა აქცია გამართეს. ისინი ერთ-ერთი კლინიკის მეპატრონეს თაღლითობაში ადანაშაულებენ. 50-მდე ქობულეთელს კლინიკის მეპატრონემ ზაზა ღოღობერიძემ TBC ბანკთან მოტყუებით გააფორმებინა განვადება, თითქოს საყოველთაო დაზღვევით მომსახურებას გაუწევდა და უმკურნალებდა.

დაზარალებულმა პაციენტებმა სქემის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც ბანკიდან პროცენტის გადასახადი მოუვიდათ.

პაციენტები აცხადებენ, რომ კლინიკას და მის მეპატრონეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის აპარატის ხელმძღვანელი ლეილა ღოღობერიძე მფარველობს, რომელიც ზაზა ღოღობერიძის და არის.

„მივედით და 100%-ს იხდის დაზღვევაო. ჩემი და მუშაობს სადაზღვევო კომპანიის უფროსიაო, მოგვატყუა. ფული გამოგვატანინა, გადაგვარიცხია გულო ფუტკარაძის ანგარიშზე. და დავრჩით ასე უკბილოდ. ფულს ზოგს ვიხდით, ზოგს ვერ ვიხდით,“-აცხადებს აქციის მონაწილე დავით ართმელაძე.

აქციის ერთ-ერთი კი მონაწილეს ამბობს, რომ ზაზა ღოღობერიძე სატელეფონო ზარებს პასუხობს, პაციენტებს კლინიკაში იბარებს, თუმცა ადგილზე არ ხვდება. 

„ზემოთა კბილები დამიხეხა და მითხრა გაგიკეთებ კბილებსო. მივედი, ხვალ მოდი, ზეგ მოდი, ასე მატყუებს და მტკივა კბილები, ვერ ვლაპარაკობ. მკურნალობა დაწყებული მაქვს, მაგრამ დახეხილი მაქვს ყველა კბილები იანვრის მერე დაახლოებით. დავურეკავ ტელეფონზე - მოდიო, მოვალ - არაა სამსახურში," - აცხადებს დაზარალებული ბადრი გაბაიძე.

როგორც სტომატოლოგიური კლინიკის ერთ-ერთი ექიმი გიორგი ჩოგაძე აცხადებს, ზაზა ღოღობერიძე სამსახურში არ გამოჩენილა და თაღლითობის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

დღის ამბები