11 დეკემბერი 2018,   18:47
ვრცლად
სასმელი წყლის პრობლემა სოფელ სიქთარვში - ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს 

თერჯოლის რაიონის, სოფელ სიქთარვის მოსახლეობა წყლის მოთხოვნით მართავს აქციას. 70 ოჯახს წყლის მოსატანად სამი კილომეტრის გავლა უწევს. მოსახლეობის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მათ პრობლემის მოგვარებას ყოველი არჩევნების წინ ჰპირდება, თუმცა დაპირება ამ დრომდე არ შეუსრულებია.

„წყარო თუ ჰქვია ამას არ ვიცი, 38 წელიწადია. 38 წლის განმავლობაში ყველა მთავრობა ვინც კი მოსულა სათავეში, ყოველთვის გვპირდება, რომ წყალი იქნება, გვაიმედებენ," - განაცხადა ამირან ყაზაიშვილმა.

ადგილობრივი მოსახლეობის პრეტენზიებს თერჯოლის მერის წარმომადგენელმა უპასუხა. თამაზ ბარბაქაძე ამბობს, რომ სამუშაოები დაწყებულია და სოფელს წყლის პრობლემა იანვრიდან აღარ ექნება.

„პირველი ეტაპი ჩატარდა, რეაბილიტაცია გაუკეთდა ბასეინს, რომელიც არის ტევადობით 880 ტონა. მეორე ეტაპია გამოცხადებული, უნდა დასრულდეს მთლიანად ეს პროექტი , ეს შესრულდება იანვრის ბოლოს, სავარაუდოდ. თავისი წესები აქვს, თავის ტენდერში.“ - განაცხადა თამაზ ბარბაქაძემ.

დღის ამბები