16 ოქტომბერი 2018,   04:41
ვრცლად
პროკურატურიდან დიდ ავიაციაში - ფარცხალაძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი თვითმფრინავის ნაწილების ქარხანაში მუშაობს

პროკურატურიდან დიდ ავიაციაში - ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი საავიაციო ბიზნესშია და თბილისში თვითმფრინავების ნაწილების ქარხანაში მუშაობს.

უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ სკანდალური ჩანაწერების მთავარი მოქმედი გმირი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც "ომეგა ჯგუფი" რეკეტსა და მილიონების მიტაცებაში ადანაშაულებს, შემოსავლებს სწორედ საავიაციო ბიზნესიდან იღებს. 

ქარხანა რომელიც დღეს იურისტის მტკიცებით, ფარცხალაძის შემოსავლის ძირითად წყაროა, საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის და ნაწილობრივ მისი მფლობელი სახელმწიფოა. 

ადვოკატი ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძის ერთ-ერთ წარმატებული ბიზნესი თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი კომპანიაა, თუმცა კონკრეტულად, რა თანამდებობას იკავებს ფარცხალაძე აღნიშნულ კომპანიაში, ადვოკატმა არ იცის.

თავდაპირველად, უფლებადამცველმა თქვა, რომ ყოფილი პროკურორი კონსულტანტია, თუმცა ოდნავ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციას გადაამოწმებს და შემდეგ მიაწვდის მედიას. 

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ კი ადვოკატმა დამატებით კიდევ ერთი მოკლე განმარტება გააკეთა. 

გაგი მოსიაშვილის ინფორმაციით, ძირითად ბიზნეს საქმიანობას, ოთარ ფარცხალაძე უცხოელ პარტნიორებთან ეწევა, რაც შეეხება აღნიშნულ თვითმფრინავების ქარხანას, ეს ფარცხალაძის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იყო, თუმცა, ადვოკატის ინფორმაციით, ფარცხალაძე იქ არ მუშაობდა. უფლებადამცველის თქმით, ფარცხალაძემ კომპანიის შემოყვანაში მიიღო მონაწილეობა და სოლიდური ანაზღაურებაც მიიღო. 

ადვოკატი ამბობს, რომ ფარცხალაძის შემოსავლები ლეგიტიმურია. 

„ეს არის ის შემთხვევა, რომლითაც შეიძლება ითქვას, რო ბატონი ოთარი ამაყობს ამ პროექტით. ეს არის ქართულ-ებრაული კომპანია, რომელიც საკმაოდ წარმატებულია და ამ შემთხვევაში, ეს არის სწორედ სწორი, ობიექტური და სწორი მენეჯმენტის საფუძველზე, 5 წლის განმავლობაში, ეს არის ის შემთხვევა, როდესაც შეიძლება დააგროვო თანხა,“  - განაცხადა ადვოკატმა. 

ადვოკატი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე საჯარო სამსახურიდან წავიდა, ის ბიზნეს საქმიანობით დაკავდა.

„მას შემდეგ, რაც მან დაანება საჯარო სამსახურს თავი, ამის შემდგომ, თქვენ იცით, რომ იგი წავიდა ბიზნესში, კონკრეტულ შემთხვევაზე ძალიან მარტივი პასუხია. საჯარო მოხელის თანამდებობის დატოვებს შემდეგ, პირი, რომელიც მიდის ბიზნესში, მას სრული უფლება აქვს რომ ღიად აკეთოს ბიზნეს საქმიანობა, ისე რომ გარკვეულ წილად მისი შემოსავალი გაიზარდა ბიზნეს საქმიანობის პერიოდში,“ - განაცხადა განცხადა გაგი მოსიაშვილმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ყოფილ მთავარ პროკურორსა და სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, უფლებადამცველი ამბობს, რომ ინფორმაცია თითქოს ფარცხალაძემ ყიფიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძეს და ლევან ყიფიანს მეგობრული ურთიერთობა აქვთ.

დღის ამბები