რუსეთის მორიგი პროპაგანდისტული კამპანია და მორიგი ხმაურიანი შეხვედრისთვის მზადება თბილისში - ახალგაზრდა დიპლომატთა ფორუმი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი გორჩაკოვის ფონდის დაფინანსებით ტარდება.
რუსული სახელისუფლებო ფონდის ვებგვერდზე ფორუმის მიზნად, რუს და ქართველ ახალგაზრდების ურთიერთობისთვის საერთო სივრცის შექმნა სახელდება.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილება საქართველოში რუსული დიასპორის სტატუსის გაზრდის მექანიზმებიც.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მიმდინარე პროცესები კრემლის ე.წ რბილი ძალის შემადგენელი ნაწილია.
„ამ ღონისძიებების მიზანია, რომ რუსული პროპაგანდა გავრცელდეს საქართველოში, დასუსტდეს საქართველო, მოხდეს რუსული რბილი ძალის პროექცირება და საბოლოო ჯამში დაზარალდეს ჩვენი ეროვნული ინტერესები,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
„თითოეულ ასე ფაქტს, ნორმალურ სახელმწიფოში, ნორმალური ქვეყნის მხრიდან სჭირდება ძალიან კონკრეტული რეაგირება. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც სამწუხაროდ წყნარად და მშვიდად უყურებს ამ პროცესს და როგორც წესი პირიქით თანამონაწილეობს ხოლმე ამ პროცესში. ეს არის აუცილებლად საყურადღებო,“-აცხადებს ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, საპარლამენტო უმრავლესობაში საკითხზე კომენტარის გაკეთებას თავს არიდებენ.