ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის გამდიდრების გზები და შემოსავლების კანონიერება - ოპოზიცია სამართალდამცველებს ყოფილი მთავარი პროკურორის შემოსავლით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
ფარცხალაძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ყოფილი მთავარი ბრალმდებლის გამდიდრების წყარო ავიაცია გახდა და თან ქარხანა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე თვის გახსნილია და ჯერ პროდუქციის გაყიდვაც არ დაუწყია.
როგორც გაირკვა, ოთარ ფარცხალაძემ სოლიდური ანაზღაურება ქვეყანაში ინვესტორის შემოსაყვანად შუამავლობის სანაცვლოდ მიიღო.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქვეყანაში არსებულ ტოტალურ კორუფციაზე საუბრობენ.
„საქართველოში არის ტოტალური კორუფცია. ერთ-ერთი ფაქტი გახდა საავიაციო ბიზნესში კვლავ ფარცხალაძის მონაწილეობა და ფაქტობრივად სახელმწიფოს რეკეტის ერთ-ერთი ფორმა არის ჩინოვნიკების მიერ ბიზნესზე ზეწოლა. ამ შემთხვევაში ფარცხალაძე არის გავლენიანი ჩინოვნიკი, დაახლოებული ივანიშვილთან და რაღაც წრესთან, რომელიც მართავს ქვეყანას. მილიონობით ლარი იფლანგება და ხდება მისი მოპარვა სხვადასხვა სფეროდან,“-აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.
ყოფილი მთავარი პროკურორის საბრალდებო სკამზე დასმის აუცილებლობაზე მიუთითებენ „ევროპული საქართველოს" წევრები.
„ოთარ ფარცხალაძე ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი ხელქვეითი, რომელიც მის შავ დავალებებს ასრულებს. ამ ქვეყანაში, რომ იყოს ნორმალური სამართალდამცავი სისტემა და ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებელი პროკურატურა, ოთარ ფარცხალაძე დღეს უნდა იჯდეს პროკურატურაში ბრალდებულის სახით და აძლევდეს ჩვენებებს,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.