12 დეკემბერი 2018,   21:47
ვრცლად
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია - რუსეთი მსოფლიო საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაწყვეტით იმუქრება

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას კიევი, უკრაინის საქმეებში რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ გადადგმულ გადამწყვეტ ნაბიჯად აფასებს.

განცხადება, უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა. პეტრო პოროშენკოს თქმით, ავტოკეფალიის მინიჭება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ ხელისუფლება პრობლემის გადაწყვეტაში მნიშვნელოვნად მონაწილეობს. 

„უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი ძალზედ მნიშვნელოვანია უკრაინის სახელმწიფოსთვის. ამიტომაც ხელისუფლება პრობლემის გადაწყვეტაში აქტიურად მონაწილეობს. ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების , სახელმწიფოებრიობისა მსოფლიო გეოპოლიტიკის საკითხი,”-განაცხადა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.

უკრაინაში მოქმედი ეკლესიების გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს უკრაინის პატრიარქი. მისი  განცხადებით, სინოდი ეკლესიის მეთაურს აირჩევს, რის შემდეგაც მსოფლიო საპატრიარქო უკრაინის ეკლესიას დამოუკიდებლობას მიანიჭებს. უკრაინული მხარე ავტოკეფალიის მინიჭებას უკვე ნოემბერში ელოდება.

„სინოდის გადაწყვეტილება გვაძლევს საშუალებას გავერთიანდეთ მოსკოვის საპატრიარქოს ეპარქიებთან. მათთან, ვისაც სურს ჩვენთან ერთად იყოს, გაერთიანდეს ავტოკეფალურ ეკლესიაში. გაერთიანებული სინოდი აირჩევს ეკლესიის ერთ ხელმძღვანელს, პატრიარქს. ამის შემდეგ, მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილება იქნება უკრაინის ეკლესიისთვის დამოუკიდებლობის შესახებ ტომოსის გაცემა“- განაცხადა უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა​.

მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ მოსკოვის საპატრიარქოში. რუსული მართლმადიდებლური ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოს კავშირის გაწყვეტით ემუქრება. მოსკოვის პატრიარქის პრესმდივანმა სინოდის განჩინებას კონსტანტინეპოლის მიერ სხვა მართლმადიდებლური ეკლესიის საქმეებში თავხედური და აგრესიული ჩარევა უწოდა.

„დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებს შედეგად სამწუხარო ნაბიჯები მოჰყვება, რომლის გადადგმასაც რუსული მართლმადიდებლური ეკლესიას შექმნილი ვითარება აიძულებს. კონსტანტინეპოლმა გადაკვეთა წითელი ხაზი. და ყველაფერი რასაც ის ახლა აკეთებს კატასტროფულ ზიანს მიაყენებს პირველ რიგში უკრაინის მართლმადიდებლობას, რადგან ეს რაღაც საშინელების დასაწყისია,”-ამბობს მოსკოვის საპატრიარქოს პრესმდივანი ალექსანდრ ვოლკოვი.

დღის ამბები