12 დეკემბერი 2018,   21:49
ვრცლად
მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს შესაძლოა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებას ავალებდნენ - არასამთავრობოები 

მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს შესაძლოა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებას ავალებდნენ - ამის შესახებ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

მესამე სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით, წინასაარჩევნო დაკვირვებების შედეგად გამოიკვეთა, რომ „მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ-ების დირექტორებს და მათ თანამშრომლებს ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ და პოტენციური მხარდამჭერების სია შესაბამის პირებთან გადააგზავნონ“.

მესამე სექტორის დამკვირვებლების ინფორმაციით, ა(ა)იპების თანამშრომლები პერსონალურ მონაცემებს აგროვებენ. ამ ყველაფრის მიზანს, რომ მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვება წარმოადგენს.

„ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა დამკვირვებლებთან საუბარში განაცხადეს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების დავალებით მათ გადაეცათ ცარიელი ბლანკები, რომელშიც თითოეულმა ათი მხარდამჭერის პერსონალური მონაცემები უნდა მიუთითოს. მათივე ინფორმაციით, სიების შედგენა იმ მოტივით ხდება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვოს. ა(ა)იპ-ის თანამშრომლები ასევე აცხადებენ, რომ მსგავსი სიების შედგენას წინა ხელისუფლების დროსაც ავალებდნენ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ქმედება კანონდარღვევაა, რადგან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდება.

„ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ: მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირებსა და მმართველ პოლიტიკურ ძალას, საარჩევნოდ არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი;

„საბიუჯეტო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს, უარი თქვან პარტიული ინსტრუქციების შესრულებაზე და მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში ღიად ისაუბრონ აღნიშნულის შესახებ“ - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები