16 ოქტომბერი 2018,   02:29
ვრცლად
"ავუხსენი თუ რამდენად შემაძრწუნებელი იყო ის გარემო, რომელიც დღეს არის" - სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს შეხვდა

პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს ჯორჯ კენტს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ესაუბრა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან ასევე გააცნო მისი ხედვები და საარჩევნო პროგრამა.

„ავუხსენი თუ რამდენად შემაძრწუნებელი იყო ის გარემო, რომელიც დღეს არის, პირადი შეურაცხყოფის, ლანძღვის და დაპირისპირების გარემო, რომელიც ხელს არ უწყობს იმას, რომ ამომრჩეველმა გაიგოს, რაზე უნდა გააკეთოს არჩევანი, რას სთავაზობენ სხვადასხვა კანდიდატები და შემდეგ მე ვესაუბრე სწორედ იმაზე, თუ მე რას ვთავაზობ ჩემს ამომრჩეველს, რა არის ჩემი კამპანიის თემები, როგორ უნდა შემოვიყვანოთ ევროპა საქართველოში თავისი სტანდარტებით, როგორ უნდა დავუახლოვდეთ ევროპას და ნატო-ს დღესვე იმით, რომ ჩვენ შეგვიძლია მეტი მოვითხოვოთ და მეტი გავაკეთოთ და როგორ უნდა ეს პრეზიდენტი იყოს ამ ქვეყნის გამაერთიანებელი და არა დაპირისპირების კიდევ ერთი წყარო, როგორ უნდა იყოს დამამშვიდებელი და ასევე იმ ყველა უფლებების დამცველი, რომელიც არის ჩაწერილი კონსტიტუციაში,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწე საპრეზიდენტო კანდიდატებთან მართავს შეხვედრებს. ის ასევე შეხვდა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები