16 ოქტომბერი 2018,   02:29
ვრცლად
"ომეგა ჯგუფის" საქმე და კანაფის კულტივაციის შესახებ კანონი - ფინანსთა მინისტრის მოადგილე "ენმ"-ის კითხვებს პასუხობს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აცნობს.

გიორგი კაკაურიძე უკვე ერთი საათია ენმ-ს ფრაქციის სხდომაზე იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ მთავარი განსახილველი საკითხი ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტია, პარტიის წევრების პირველი კითხვები „ომეგა ჯგუფის“ საქმეს და კანაფის კულტივაციის შესახებ კანონს ეხებოდა.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა შავი ფულის მობილიზებაზე ისაუბრა, რომელსაც მმართველი პარტია, სავარაუდოდ, სიგარეტებიდან 2,5 თეთრის მითვისებით იღებს. სალომე სამადაშვილს აინტერესებს, რატომ არ მოხდა „ომეგა ჯგუფის“ ვალის რესტრუქტურიზაცია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ სამადაშვილის პასუხად აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება განაპირობა თავად კომპანიის ქმედებამ, რომელიც მიმდინარე ვალდებულებებსაც აღარ ასრულებდა.

„როგორც კი დადგა ის მომენტი, რომ მიმდინარე ვალდებულებებსაც აღარ ასრულებდა კომპანია, ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაეტანებინა მარკები, თუ არ მოახდენდა გარკვეული ნაწილის დაფარვას. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება უწყებამ და ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო,“ - განაცხადა კაკაურიძემ.

სალომე სამადაშვილს ასევე აინტერესებდა კანაფის კულტივაციის კანონპროექტის შესახებ, რომელზეც ხელისუფლება იმედებს ამყარებს და აღნიშნავენ, რომ ეკონომიკისთვის მოგებიანი იქნება.

„ხელისუფლებას სურს, რომ გაიტანოს კანაფის კულტივაციის შესახებ კანონი. რა დამატებითი საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტში იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელი მმართველი გუნდი თავს მოახვევს საზოგადოებას საკუთარ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამ კითხვაზე პასუხად გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტზე საუბრისას არა ბიუჯეტში, არამედ ეკონომიკაში დამატებით შემოსავლებზე იყო აქცენტი გაკეთებული.

„ესეც ძალიან ბევრ დაშვებაზეა დამოკიდებული, თუ საერთოდ იქნა კანონი იქნა მიღებული, რა ტიპის იქნება, რა დაშვებები იქნება ამ კანონში, რამდენი ლიცენზიანტი შეიძლება არსებობდეს, რამდენი ჰექტარი შეიძლება არსებობდეს, მე უბრალოდ შემიძლია გითხრათ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზები რაც იყო, რომ დაახლოებით, 2025 წლამდე სამედიცინო მარიხუანის პროდუქციის გამოშვება ორმაგდება, დაახლოებით, 25-დან 50 მილიარდ დოლარამდე იზრდება,“ - განაცხადა კაკაურიძემ.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

დღის ამბები