19 აპრილი 2024,   07:12
ვრცლად
ამომრჩეველთა მობილიზების სქემა - საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მესამე სექტორი საჯარო მოხელეებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაშიფრეს სქემა, როგორ ცდილობს ხელისუფლება საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს ხმა სალომე ზურაბიშვილზე მიაცემინოს.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის თქმით, მოპოვებულია მტკიცებულებები, საიდანაც ირკვევა, რომ საჯარო მოხელეებს აძლევენ ბლანკებს, სადაც მათ იმ ადამიანების პირადი მონაცემები უნდა შეიყვანონ, ვინც გარანტირებულად ხმას სალომე ზურაბიშვილს მისცემს.

„ეს შესაძლოა მიუთითებდეს გარკვეულწილად ამომრჩეველთა მობილიზების სქემისკენ, რომელის მსგავსიც ჩვენ ვნახეთ მაგალითად, გასულ არჩევნებზე თბილისში,“ - განაცხადა ბენიძემ.

საარჩევნო მიზნით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი, ლევან ნატროშვილი. მისი თქმით, საჯარო მოხელეებზე მათი ხელმძღვანელების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება.

„ჩვენ მოგვმართეს ზოგიერთი მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულმა ორგანიზაციებმა, რომლებმაც თქვეს, რომ მათ ავალებენ ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, როგორც მუნიციპალიტეტის, ამავე დროს, პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები არიან „ქართული ოცნების“, ავალებენ მათ, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების სიები მოიტანონ,“ - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს მმართველ პარტიას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე.
„მოვუწოდებთ, პირველ რიგში, ეს ეხება მმართველ პარტიას და იმ კანდიდატს, რომელსაც მმართველი პარტია უჭერს მხარს, რომ თავი შეიკავონ და უარი თქვან მსგავსი მეთოდების გამოყენებაზე, ერთი ეს და მეორე, თავად იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართულები, ასევე მივმართავთ, რომ მათ არ მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში,“ - განაცხადა სალაძემ.

დამკვირვებლების ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი უწყებების დირექტორებს და მათ თანამშრომლებს ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ.

განცხადებაში, რომელიც გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს, ვკითხულობთ სიების შედგენა იმ მოტივით ხდება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვოს.

დღის ამბები