19 აპრილი 2024,   11:01
ვრცლად
ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება სალომე ზურაბიშვილისთვის ხმების მოსაპოვებლად - თამარ ჟვანია მესამე სექტორს პასუხობს

ადმინისტრაციული რესურსის სრული მობილიზება სალომე ზურაბიშვილისთვის ხმების მოსაპოვებლად - სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, თამარ ჟვანია გამოეხმაურა.

შესაძლო კანონდარღვევისა და საჯარო მოხელეებზე ზეწოლის შესახებ თამარ ჟვანია კონკრეტულ მტკიცებულებებს ელოდება.

„ჯერჯერობით, არ არის განცხადებაში ფიქსირებული არც რეგიონი, არც კონკრეტული ფაქტი, არც პირები იდენტიფიცირებული. ჩვენ არც ვიცით, რა სიხშირეზე, რომელ მუნიციპალიტეტებზე ან რომელ კონკრეტულ პირებზეა საუბარი შესაბამისად, მათი განცხადება იყო რეკომენდაციის სახით, მიმართავდნენ თვითონ ადგილობრივ თვითმმართველობებს. თუკი იქნება რაიმე დადასტურებული ფაქტი, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობით არის აკრძალული, ამ შემთხვევაში, ცხადია, არასამთავრობო სექტორი საარჩევნო ადმინისტრაციასაც მიმართავს,“ - განაცხადა ჟვანიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი უწყებების დირექტორებს და მათ თანამშრომლებს ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ.

განცხადებაში, რომელიც გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს, ვკითხულობთ:

"სიების შედგენა იმ მოტივით ხდება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვოს."

ამავე თემაზე
დღის ამბები