15 დეკემბერი 2018,   00:45
ვრცლად
24 წლის სოფო წიკლაური ათენში სავარაუდოდ, ტელეფონის დამტენის სადენით მოახრჩეს

24 წლის სოფო წიკლაური ათენში სავარაუდოდ, წამებით მოკლეს. მისი ცხედარი ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში მეზობლებმა იპოვეს.

საქართველოს მოქალაქე 2 დღის განმავლობაში ორი თვის ჩვილთან ერთად გაუჩინარებული იყო, ბოლოს მეზობლებმა წიკლაურის საცხოვრებლის კარი შეამტვრიეს და წამებით მოკლული გოგონას ცხედარი ნახეს.

სოფო წიკლაურს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. ის სავარაუდოდ, ტელეფონის დამტენის სადენით მოახრჩეს.

გოგონა თავდასხმის დროს ორი თვის ჩვილთან ერთად იმყოფებოდა. მოკლულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მკვლელმა ახალშობილს ძილის წამალი დაალევინა და გათიშა.

რა გახდა ქართველი გოგონას სასტიკი მკვლელობის მოტივი, ოჯახის წევრებს საუბარი უჭირთ, თუმცა აქვთ ვერსია, რომელიც მოკლულის პატიმარ მეუღლეს უკავშირდება. ის ორი თვის წინ ათენში სხვა ქართველებთან ერთად დააკავეს.

სახლი, სადაც 24 წლის გოგონა მისი 2 თვის შვილთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობდა, გაძარცვული არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია მხოლოდ მოკლულის პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი და საფულე.

ნათესავების გარდა, სასტიკი მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ ათენში მცხოვრებ მეგობრებსაც, თუმცა ვარაუდობენ, რომ მკვლელობა უცხო პირს არ ჩაუდენია.

ქართველი გოგონას სასტიკი მკვლელობის შესახებ საბერძნეთის ოფიციალური უწყებებისგან ინფორმაცია უკვე აქვს ქართულ მხარეს.

ბერძენმა სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს, თუმცა ჯერ უცნობია, რა ვერსიაზე მუშაობენ ისინი და ჰყავთ თუ არა სავარაუდო ეჭვმიტანილები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები