17 ოქტომბერი 2018,   19:08
ვრცლად
"ეს არის ხელოვნური პრობლემების შექმნა შეირაღებული ძალების პირადი შემადგენლობისთვის, რომ აირჩიონ მთავარსარდალი" - დიმიტრი შაშკინი

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას ჯარისკაცებისთვის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის შეზღუდვაში ადანაშაულებს.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჯარისკაცებისთვის წარმოქმნილ ხელოვნური ბარიერების შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია რეფორმატორთა კლუბის დამფუძნებლის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის, თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში შეიარაღებული ძალების მონაწილეობა შეაფერხეს, რადგან სამხედრო ნაწილებში საარჩევნო უბნების გაუქმების გამო ირკვევა, რომ ამჯერად ჯარისკაცებს ხმის მიცემა უწევთ იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ისინი არიან რეგისტრირებული.

„ეს არის დაცინვა და ხელოვნური პრობლემების შექმნა შეირაღებული ძალების პირადი შემადგენლობისთვის, რომ აირჩიონ მთავარსარდალი, აირჩიონ პრეზიდენტი იმიტომ, რომ გარდა ფინანსური ხარჯისა, თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ ვაზიანიდან, საარტელიო ბრიგადიდან სერჟანტი, რომ ჩავიდეს ზუგდიდში, რა ღირს. მეორე, ეუბნებიან, რომ იმავე დღეს უნდა დაბრუნდე, რაც ლოჯისტიკურად შეუძლებელია და მესამე, არავინ არ გაუშვებს მთელ ჯარს სახლში. ეს ხომ გასაგებია, რომ ზემდგომი ოფიცრის ხელში იქნება გადაწყვეტილება, ვინ გაუშვას და ვინ არა და ეს არის რეალურად ხელოვნური პრობლემების შემქნა ჯარისთვის, რომ აირჩიონ თავის მთავარსარდალი,“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

დიმიტრი შაშკინი აღნიშნავს, რომ გენშტაბის წარმომადგენლები პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ.

„გენშტაბი უნდა იყოს დაკავებული ქვეყნის უსაფრთხოებით და ჯარზე ზრუნვით და არა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ,“ - განაცხადა შაშკინმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი,  გიორგი ბარამიძე, კი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ჯარისკაცებთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ კარგად იცის, ჯარი მოღალატეს არ აირჩევს მთავარსარდლად. 

დღის ამბები