25 აპრილი 2024,   14:55
ვრცლად
შსს გირჩის ინიციატივას, მარიხუანას ფესტივალის ჩატარების შესახებ, პროვოკაციად და დანაშაულებრივ ქმედებად აფასებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გირჩის ინიციატივას, მარიხუანას ფესტივალის ჩატარების შესახებ, პროვოკაციად და დანაშაულებრივ ქმედებად აფასებს.

გახარიას უწყებაში საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა. სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღება, მოხმარება და პოპულარიზაცია კანონმდებლობით ისჯება და მსგავსი ქმედების შემთხევაში, სამართალდამცველები ადეკვატურად იმოქმედებენ.

„საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღება, მოხმარება და პოპულარიზაცია დასჯადია. ნარკოტიკული საშუალების ოდენობის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედებებისთვის განსაზღვრულია, როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სისხლის სამართლის წესით ისჯება, ასევე , ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ორგანიზება.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო გირჩის მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებს, როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებას და მოქალაქეთა წახალისებას ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამასთან, პოლიციის ფუნქციაა მართლწესრიგის დაცვა, სამართალდარღვევების პრევენცია და დანაშაულის დროული აღკვეთა.

"შესაბამისად, გირჩის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც  მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და  გასაღებას გულისხმობს,“ - განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ.

.

დღის ამბები