17 აპრილი 2024,   03:56
ვრცლად
ერაყში დაკავებული საქართველოს 25 წლის მოქალაქის შვილები ბაღდათის ციხიდან თბილისში ჩამოიყვანეს

ერაყში დაკავებული საქართველოს 25 წლის მოქალაქის შვილები ბაღდათის ციხიდან თბილისში ჩამოიყვანეს.

6, 5 და 2 წლის ბავშვები თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდნენ. მცირეწლოვნების დედა ერაყის ხელისუფლებამ დააკავა და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

ბავშვები ამ დრომდე ბაღდათის ციხეში, დედასთან ერთად, იყვნენ, თუმცა, საქართველოს ხელისუფლების დახმარებით ისინი ჩამოიყვანეს.

რამდენიმეთვიან მოლაპარაკებებში, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, ჩართულები იყვნენ საქართველოს საელჩო ერაყის რესპუბლიკაში და საერთაშორისო პარტნიორები.

ერაყის სასამართლომ საქართველოს 25 წლის მოქალაქეს უვადო პატიმრობა მისი მეუღლის ტერორიზმში მონაწილეობის გამო მიუსაჯა.

გოგონას მეუღლე გარდაცვლილია, თუმცა, ადგილობრივი კანონების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ბრალი მეუღლის სტატუსის გარდა, სხვა არაფერში ედება, სამუდამო პატიმრობის ვერდიქტი გამოუტანეს.

მცირეწლოვანი ბავშვების და მსჯავრდებული გოგონას ბაბუის საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ხელისუფლება გოგონასთვის სასჯელის შემსუბუქების მიზნით, მოლაპარაკების ახალ რაუნდს იწყებს.

დღის ამბები