13 დეკემბერი 2018,   20:56
ვრცლად
საპატრიარქოში გარკვეული ჯგუფები ილია მეორეს გადადგომას აიძულებენ - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

საპატრიარქოში გარკვეული ჯგუფები ილია მეორეს გადადგომას აიძულებენ - განცხადებას ამის შესახებ თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი აკეთებს.

მისი ინფორმაციით, პატრიარქი ზეწოლის ქვეშაა და მას გადადგომის კონკრეტული ვადაც დაუსახელეს. ეს ხვალ, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, უნდა მომხდარიყო.

საპატრიაქროდან გამოჟონილი ინფორმაციის საფუძველზე, თეოლოგი აცხადებს, რომ ეს მეუფე შიოს პატრიარქად კურთხევის ერთადერთი გზაა და ზეწოლაც სწორედ ამას უკავშირდება.

„კონფიდენციალურმა წყარომ, თანაც არაერთმა, მაცნობა კათალიკოს პატრიარქის გადადგომასთან დაკავშირებულ შეთქმულებაზე, რომელსაც აწყობს საქართველოს საპატრიარქოს სამდივნოს თანამშრომელთა გარკვეული კოლეგია და ამავდროულად იერარქიის წარმომადგენლებიც, რომელთაც სურთ, რომ დაჩქარებული წესით მოხდეს მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობაზე არჩევა, რადგან ისინი თვლიან, რომ უშუალოდ კათოლიკოს პატრიარქის სიცოცხლეში მას ბევრად უფრო მეტი შანსები აქვს, ვიდრე გარდაცვალების შემდეგ,“ - განაცხადა გიორგი ტიგინაშვილმა.

ტიგინაშვილის თქმით, პატრიარქის გადაყენებით რამდენიმე გავლენიანი ბიზნესმენია დაკავებული. 

„თუ რატომ უნდათ მისი კათოლიკოს პატრიარქად დადგინება, ესეც არ არის საიდუმლო, რადგან მეუფე შიო საკუთარი მსოფლმხედველობრივი აზროვნებით, პირადი კონტაქტებით დაკავშირებულია რუსეთის ეკლესიის პლატფორმასთან. როგორც მაღალი სამღვდელო იერარქიის, ისე რიგითი სამღვდელო დასის წარმომადგენლებიც, რომლებიც აცნობიერებენ, რომ იმ შემთხვევაში თუკი ადმინისტრაცია შეიცვალა, გარკვეულწილად ზოგიერთი მათგანის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება იმ ფინანსური მანიპულაციებისთვის, ზნეობრივი დაცემისთვის, რომელსაც ისინი საკუთარ თავში წარმოადგენენ. ამიტომ მათთვის პრობლემურია ცვლილება ადმინისტრაციისა, რომელიც არ იქნება მათი ინტერესების დამცველი, რადგან ის დაგროვილი კაპიტალი, რომელიც მათ გააჩნიათ, მაფიოზური გზით მოპოვებული, უნდა შენარჩუნდეს, მათი აზრით, და ცხადია, უსაფრთხოების გარანტიებიც მათთვის მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ტიგინაშვილმა.

თეოლოგის თქმით, მეუფე შიოს კათოლიკოს პატრიარქად კურთხევა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ჩანაფიქრია, რომელიც რუსეთის ინტერესების გამტარებელია.

„პატრიარქის პოზიცია არის საკმაოდ პრინციპული, ხისტი და შეუვალი. მას არ სურს, რომ რეალურად აღნიშნული კონსპირაციული გეგმა განხორციელდეს, მაგრამ ის არის უზარმაზარი ზეწოლის, წნეხის და რეპრესიული მანქანების ქვეშ,“ - განაცხადა გიორგი ტიგინაშვილმა.

დღის ამბები