25 აპრილი 2024,   05:59
ვრცლად
ჯანმრთელობის თვალსაზრისით გაუმჯობესება არ ყოფილა - ვანო მერაბიშვილი "ავერსის" კლინიკას არასწორი ჩანაწერის გაკეთებაში ადანაშაულებს

ყოფილი პრემიერმინისტრი, ვანო მერაბიშვილი, ავერსის კლინიკას არასწორი ჩანაწერის გაკეთებაში ადანაშაულებს.

წერილობით განმარტება მატროსოვის ციხიდან შს ყოფილმა მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ციხის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

„კლინიკა ავერსის კვლევებში გაჩნდა ჩანაწერი, თითქოს, მე განვაცხადე, რომ კვლევებამდე 2 კვირით ადრე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია. სიმპტომის აღმოჩენიდან, 3 აგვისტოს მერე, ჯანმრთელობის თვალსაზრისით გაუმჯობესება არ ყოფილა,“ - აღნიშნულია მერაბიშვილის წერილში.

მედიქლაბში ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ გამართული კონსილიუმის შედეგად ექიმები შეჯერდნენ, რომ მერაბიშვილს იდიოპათიური ჰორნერის სინდრომი აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ექიმებმა ვერ გაიგეს, რამ გამოიწვია ჰორნერის სინდრომი.

შეცდომა მერაბიშვილის ადვოკატებისთვის ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის საქმეში არაერთია. მათგან უმთავრესი საჭირო გამოკვლევების დაგვიანებით ჩატარებაა. მედიკოსების ნაწილი წერს, რომ დამატებითი კვლევებია აუცილებელია.

ვანო მერაბიშვილს დაავადების პირველი ნიშნები აგვისტოს დასაწყისში გამოუვლინდა. ადვოკატების თქმით, ციხის ექიმები ყოფილ პრემიერს თავდაპირველად კონუქტივიტზე ანუ თვალის ანთებაზე და რინიტზე, იგივე სურდოზე, მკურნალობდნენ, რის შემდეგაც მერაბიშვილის მდგომარეობა დამძიმდა. ორთვიანი უშედეგო კვლევების ნდობა კი მერაბიშვილის ოჯახს და იურისტებს არ აქვთ.

რამ გამოიწვია ჰორნერის სინდრომი, ამ დრომდე დაუდგენელია. სამედიცინო ლიტერატურაში განმარტებულია, რომ ზოგადად ეს დაავადება შესაძლოა, გამოწვეული იყოს ისეთი მძიმე დაავადებების შედეგად, როგორიცაა სიმსივნე, ინსულტი, ხერხემლის დაზიანება და ინტოქსიკაცია.

მერაბიშვილის შემთხვევაში პირველი სამი თითქმის ყველა კლინიკაში ჩატარებული კვლევისას გამოირიცხა. ტოქსიკოლოგების კონსულტაცია კი მას მარტო მედიქლაბში გაუწიეს. ორი ექიმის დასკვნით, ამჟამად მწვავე ეგზოგენური ინტოქსიკაციის კლინიკური სურათი არ ვლინდება.

ყოფილი პრემიერის დაავადების გამოვლენის პირველივე ნიშნებიდან ადვოკატები გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ შესაძლოა, ვანო მერაბიშვილი ციხეში მოწამლეს. ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ 8 მძიმე მეტალს ჩატარებული კვლევა არასრულფასოვანია და ეს მისი მოწამვლის ვერსიას არ გამორიცხავს.

ვანო მერაბიშვილის ოჯახის წევრები და იურისტები ახლა კონსულტაციებს უცხოელ მედიკოსებთან გადიან. საქართველოში მიღებული დასკვნების დიდი ნაწილი უკვე ნათარგმნი და გაგზავნილია. 

დღის ამბები