25 აპრილი 2024,   17:58
ვრცლად
სკანდალური აუდიო ჩანაწერები და მოზარდების მკვლელობის საქმე - "ევროპული საქართველო" შს მინისტრს და მთავარ პროკურორს პარლამენტში იბარებს 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში გასული სკანდალური აუდიო ჩანაწერები, რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება დღეს პარლამენტში.

"ევროპული საქართველო" პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარ პროკურორს დაბარების საკითხს დააყენებს.

„უახლოეს პერიოდში, შს მინისტრი, მთავარი პროკურორი გამოცხადდნენ პარლამენტში, როგორც ეს დაადგინა საგამოძიებო კომისიამ და პასუხი გასცენ იმ კითხვებს, რომელიც დაისვა საგამოძიებო კომისიის მიერ და იმ კითხვებს, რომლებიც კიდევ უფრო გამძაფრდა ამ ჩანაწერების მერე. ეს არის საკითხი, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს საქართველოში და ამასთან დაკავშირებით დუმილი არის სრულიად მიუღებელი,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე.

მინისტრების პასუხისმგებლობასა და სანქციების დაწესებაზე საუბრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. პარტიაში ამბობენ, რომ სამთავრობო გუნდი არ ასრულებს კანონის მოთხოვნას და დაბარების შემთხვევაში არ მიდის პარლამენტში.

პარტიის ლიდერები ბიუროზე სანქციების დაწესების საკითხს ოფიციალურად დააყენებენ.

„კორუფციულ ფაქტთან დაკავშირებით გვყავდა დაბარებული შს მინისტრი, გვყავდა დაბარებული საგარეო საქმეთა მინისტრი. დაეკისროს პასუხისმგებლობა მაღალი თანამდებობის პირებს, პირველ რიგში მინისტრებს იმისთვის, რომ ისინი არ მოდიან ოფიციალურად დაბარების შემთხვევაში და არ იძლევიან პასუხს ქვეყანაში დაგროვილ უმძიმეს საკითხებზე,“-აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.

საპარლამენტო უმრავლესობა კი აცხადებს, რომ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის განხილვა იგეგმება.

ამავე თემაზე
დღის ამბები