18 აპრილი 2024,   08:03
ვრცლად
ჩანაწერებით ცხადია, რომ არსებობდა რაღაც გარიგება არასრულწლოვნების საქმესთან დაკავშირებით - აბესაძე სკანდალურ ჩანაწერებზე 

გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩაწერილ სკანდალურ აუდიოჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩის საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს, საპარლამენტო უმცირესობის წევრები ეხმაურებიან.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ირაკლი აბესაძე, რომელიც ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების მიზნით შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრიც იყო, ამბობს, რომ მირზა სუბელიანი მოზარდების მკვლელობის საქმის რამდენიმე ახალ დეტალზე საუბრობს.

აბესაძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის წევრებისთვის უცნობი იყო, რომ სისხლიანი გარჩევის შემდეგ სამართალდამცავებმა მოზარდებზე ფიზიკურად იძალადეს.

დეპუტატის თქმით, სუბელიანის საუბარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საგამოძიებო კომისიის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ კონკრეტული პირებმა გამოძიების მიმდინარეობას მიზანმიმართულად შეუშალეს ხელი.

„წარმოდგენილი ჩანაწერებით ცხადია, რომ არსებობდა რაღაც გარიგება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, არასრულწლოვნების საქმესთან დაკავშირებით და სწორედ ამ გარიგებაზე საუბრის გასაგრძელებლად არის დეპუტატი და სხვა ერთი პიროვნება შესული ბატონ სუბელიანთან. რა თქმა უნდა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ისე ციხის ადმინისტრაციამ უნდა გააკეთოს განმარტებები, რა სტატუსით, რა ფორმალური უფლების საფუძველზე იმყოფებოდნენ ეს პირები ბატონ სუბელიანთან,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

აბესაძე არ გამორიცხავს, რომ ეს ჩანაწერი თავად ციხის ადმინისტრაციას ან სუბელიანთან შესულ პირებსაც გაეკეთებინათ. მისივე თქმით, საინტერესოა, გაირკვეს, თუ რა სტატუსით იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანთან შეხვედრაზე. 

„ეს არის მორიგი კრიმინალური დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც გამოაშკარავდა, რომელსაც ორგანიზაციულად ჩადიან ამ ხელისუფლების წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, როგორც ფორმალურ ნაწილზე, როგორ ხდება ამ შეხვედრების ორგანიზება, იქ საუბარი არის ბატონ სუბელიანთან, რომ მუდმივად შედიან ვიღაცები, ბატონი ჯაფარიძე და ცუხიშვილი გამონაკლისები არ არიან,“ - განაცხადა აბესაძემ.

აუდიოჩანაწერიდან, რომელიც გუშინ P.S.-ში გავიდა, ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი ციხეში საკუთარი ნებით ჩაჯდა, თუმცა, ახლა უკმაყოფილოა ხელისუფლების უყურადღებობის გამო.

ის ასევე, ამბობს, რომ წინასწარ არის შეთანხმებული ხელისუფლებასთან, როდის უნდა დადგეს მისი განაჩენი და რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში - ერთი წელი პატიმრობა და ერთი წელი პირობითი მსჯავრი.

მირზა სუბელიანი ასევე ყვება, როგორ იქნა დაშვებული მძიმე შეცდომები გამოძიების პროცესში და როგორ სთხოვეს თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მას დახმარება და ბოლოს ისიც უთხრეს, რომ “სახელმწიფოს გადასარჩენად“ ციხეში უნდა ჩამჯდარიყო. თავად სუბელიანიც საუბრის დროს მუდმივად ხაზს უსვამს, რომ ყველაფერს "სახელმწიფოსთვის" აკეთებს.

საუბრისას არაერთხელ ახსენებენ კიდევ ერთ პიროვნებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლევან კაკავას. ჩანაწერიდან ჩანს, რომ სწორედ კაკავას დაავალა გიორგი გახარიამ სუბელიანის საქმის ფინანსური მხარის მოგვარება.

დღის ამბები