20 აპრილი 2024,   10:24
ვრცლად
"სარდაფის ხელისუფლება" - საპროტესტო აქცია თელავში 

„კრიმინალები მოშორდნენ ქვეყნის მართვის სადავეებს“, „სარდაფის ხელისუფლება“ - ამ და სხვაა საპროტესტო შინაარსის წარწერებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“  მხარდამჭერებთან ერთად, გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობის წინ, თელავში აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება "სარდაფის ხელისუფლებად"- გამოაცხადეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი ბოტკოველის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება არის კრიმინალური დაჯგუფება, რაც ქვეყნისთვის საზიანოა.

„ქვეყანას ჰყავს ერთი დიდი მაფიოზური დაჯგუფება, რომელიც არის დაკომპლექტებული კრიმინალებით და ეს კრიმინალები მართავენ ქვეყანას. მე მოვუწოდებ თითოეულ აი აქ მომუშავე ადამიანს, ვისაც კიდევ შერჩენია ის, რომ ისინი არ ჩაებან აი ამ მაფიოზური დაჯგუფების საქმიანობაში. განუდგნენ და არ მიიღონ მონაწილეობა იმ საქმეში, რაშიც არის ჩართულ მთლიანად მთავრობა.

კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, აი აქ მჯდომმა კორუმპირებულმა ადამიანმა ირაკლი შიოლაშვილმა, მუშად წაიყვანა მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ჯინაშვილი, რომელიც დაიღუპა მის ნაკვეთში მუშაობის დროს. დღეს ამაზე პასუხი არავის არ უგია,“ - განაცხადა თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ბოტკოველმა.

 

აქციის მონაწილეებმა, ყოფილი მაღალჩინოსნის , მირზა სუბელიანის სავარაუდო მონაწილეობით გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ხელისუფლებას უნდობლობა გამოუცხადეს.

 

 „წუხანდელ კადრებთან დაკავშირებით იმხელა აჟიოტაჟი გამოიწვია ჩვენშიც და მოსახლეობაშიც, რომ არ გამოვსულიყავით და არ გაგვეპროტესტებინა ეს ამბავი უბრალოდ არ შეგვეძლო.ძალიან შემაზრზენი იყო ეს ყველაფერი რაც ხდებოდა.

ეს ძალადობრივი მთავრობა, ესენი არ არიან გასაჩერებლები, ესენი არიან აუცილებლად წასასვლელები.“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დღის ამბები