14 ნოემბერი 2018,   18:25
ვრცლად
„რეალურად სახელმწიფო ჩააბარეთ ფარცხალაძეს, სუბელიანებს და ა.შ." - ხმაური ბიუროს სხდომაზე

გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დღეს ოპოზიციამ მმართველი გუნდისგან პასუხები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოითხოვა. დაპირისპირება დეპუტატებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ ხელისუფლება სისტემურ დანაშაულში, კრიმინალების მფარველობაში და ქვეყნის ბანდფორმირებებით მართვაში დაადანაშაულა. თუმცა მმართველი გუნდი ისევ სპეკტაკლზე და ისევ 9 წელზე საუბრობს.

„რეალურად სახელმწიფო ჩააბარეთ ფარცხალაძეს, სუბელიანებს და ა.შ. თქვენ თუ გგონიათ რომ ფარცხალაძის სარდაფში მარტო ლევან ყიფიანი იყო... ან როგორ საუბრობთ, შეგრცხვეთ მაინც იმ ხალხის, ვისაც აკრიტიკებთ ნაწილი თქვენს გუნდშია. აი, 9 წელია, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" იყვნენ, ამ დარბაზშიც არიან. მე მეგონა რომ აქ დადგებოდა საკითხი, რომ საგანგებო სხდომას მოიწვევდით და მთავრობის ნდობის საკითხს დააყენებდით ხვალ. ჩვეულებრივი ბანდიტების ხელში ხართ,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

მის ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა და აღნიშნა, რომ ენმ-ს ყველა სპექტაკლზე ის ვერ მოიწვევს საგანგებო სხდომას.

„იგივეს ითხოვდით ოქუაშვილის საქმეზე და ხომ ჩაგივარდათ ეს სპექტაკლი და ახლა დაიწყეთ მეორე სპექტაკლი და რამდენ სპექტაკლზე მოვიწვიოთ საგანგებო სხდომა. ბანდიტები თქვენსკენ მოიკითხეთ, სასახლეებიც თქვენსკენ მოიკითხეთ და კრიმინალებიც თქვენსკენ მოიკითხეთ რა,“-მიმართა ნიკა მელიას ირაკლი კობახიძემ.

ეკა ბესელიას განცხადებით კი ის პასუხისმგებელია იმაზე, რომ თუ კი ჩანაწერების ნამდვილობა დამტკიცდა, დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ.

„ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ მე ერთი ადამიანი, რომ ნებისმიერი ადამიანის სტატუსის თუ ცენზის  თუ დამსახურების მიუხედავად, პასუხი აგოს დანაშაულზე,“-განაცხადა ეკა ბესელიამ, რაზეც ნიკა  მელიამ მიუთითა რომ მას პირადად არ ახსოვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გამოძიებული რომელიმე საქმე.

„ეს ადამიანი  გაამწესეთ იქ  შეთანხმებით, მირზა სუბელიანი, რაღაც მოხდა ახლა თქვენს შორის და პირობები დაურღვიეთ ეტყობა. ტყვეობაში აგიყვანათ, ჯალათი გამოიზარდა,“-განაცხადა ნიკა მელიამ.  

ნიკა მელიას განცხადებას ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ სპექტაკლი რომელიც ნიკა გვარამიამ დადგა, გაშიფრულია.

„ის სპექტაკლი გაშიფრეთ, რომელიც გუშინ დადგა გვარამიამ, რომელიც დღეს იმუნიტეტს უცხადებს თქვენს მირზა სუბელიანს. ნიკა გვარამიამ დღეს იმუნიტეტი მიანიჭა მირზა სუბელიანს,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის აღშფოთება კი ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ფრაზა „თქვენს მირზა სუბელიანს“ თქვა.

„თქვენს მირზა სუბელიანსო ეს გვითხარით ახლა? ანუ ეს ყველაფერი ჩვენი მირზა სუბელიანი არის და ჩვენ ვაკეთებთ ამას?,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები