მოძრაობა „ემსახურე საქართველოს“ მედეა ვასაძე „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, სადაც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი სხვადასხვა გახმაურებული საქმის „დალაგებაზე“ საუბრობს.
მედეა ვასაძის თქმით, მირზა სუბელიანთან შესასვლელად დეპუტატს პარლამენტის თავმჯდომარის ნებართვა სჭირდებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ სუბელიანმა პირდაპირ, ღიად უნდა ისაუბროს იმ საქმეებზე, რომელიც აუდიოჩანაწერში ისმის.
„სუბელიანს ჰგონია, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეს აკეთებს, თუკი ის ამ საქმეში არის ერთგვარი განტევების ვაცი. აბა, რას ნიშნავს ეს? რისი სახელმწიფო, რა სახელმწიფო, ვის ეღადავება, რას ეღადავება. თავი გადაირჩინოს, გამოვიდეს სიმართლე თქვას, თუმცა, მას იმდენად მძიმე წარსული აქვსო, მეუბნებიან, რომ არ მგონია, მისი სრული რეაბილიტაცია მოხდეს. ჩანაწერში მახსოვს, რომ ერთი ბოლოსდაბოლოს მომისაჯეთო, ანუ გათავისუფლების ვადის ათვლა ეჩქარება უკვე, ფიქრობს, რომ იქ რაღაც დაპროცესდება, რაღაცას გამოვისყიდო, ამბობს, ეს არის საშინელება და ეს არის თვალსაჩინო მაგალითი, სრული ლუსტრაცია იმის, რასაც ქალბატონი ელისო, ფაქტობრივად, ძალიან დალაგებულად და თანმიმდევრულად აწვდიდა საზოგადოებას. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესებს ვეღარაფერი ვერ შეაჩერებს, ხელისუფლება არის შესაცვლელი,“ - განაცხადა ვასაძემ.
მედეა ვასაძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის დროს, მმართველ გუნდს დახურულ სხდომებზე ხშირად აკრიტიკებდა.
„აქ ხდება ის, რასაც მე პირადად ვვარაუდობდი ჯერ კიდევ როდის, 5 წლის წინ. მე სამი თვის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან, როდესაც აჭარაში მეკავა ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა, ძალიან აშკარად გამოვხატე შიდა შეხვედრებში, შიდა სამზარეულოში, უმაღლესი საბჭოს შესაბამის პროცედურებში, იქ, სადაც დახურული სხდომები იყო და წელიწადნახევარი ვებრძოდი ხელისუფლებას შიგნიდან, იმიტომ, რომ აშკარად ჩანდა ის, რომ ჩვენ ავცდით იმ დანაპირებს, რომელიც მივეცით ჩვენ მოსახლეობას,“ - განაცხადა ვასაძემ.
მედეა ვასაძე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც საუბრობს. მისი თქმით, საზოგადოება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მხარს უჭერს და ენმ-ის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვს.