20 აპრილი 2024,   04:18
ვრცლად
ბიუროკრატიის ფუფუნებაზე გაწერილი ბიუჯეტი - ოპოზიცია 2019 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარს არ უჭერს

საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელი განხილვა გაიმართება.

დოკუმენტის პირველად ვერსიას მხარს არ უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ბიუჯეტი ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს არ პასუხობს.

„ეს ბიუჯეტი მთლიანობაში ემსახურება ბიუროკრატიის ფუფუნებას დასაქმებულთა რიცხვი ფურცელზე აქვთ შემცირებული. ლარის კურსი დაფიქსირებული აქვთ 2.63 ანუ პირდაპირ აკეთებენ განცხადებას, რომ ლარის გამყარების სანსი მათ არ აქვთ,“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ მელიქიშვილი.

საპარლამენტო უმცირესობაში კითხვები არამიზნობრივ ხარჯებსა და პროექტებისთვის არასათანადოდ გადანაწილებულ თანხებზე აქვთ. ოპონენტების ნაწილი პენსიის არა 20 არამედ მინიმუმ 50 ლარით გაზრდას ითხოვს.

„ლარის ძალიან მნიშვნელოვანი გაუფასურების ძალიან მძიმე ინფლაციური პრობლემების უმუშევრობისა და სიღარიბის ფონზე მნიშვნელოვანი იყო რომ 2019 წლის ბიუჯეტი შედგენილი ყოფილიყო იმგვარად, რომელიც უპასუხებდა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე.

"ქართულ ოცნებაში" კი ფიქრობენ, რომ ბიუჯეტი, რომლის მოცულობაც 12 მილიარდამდეა, მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით არის მომზადებული.

„2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია ხარჯები 12 მილიარდ 740 მილიონამდე ამას დახარჯავს ქვეყანა მომავალ წელს.

2018 წლისგან განსხვავებით 270 მილიონით მეტი დაიხარჯება ვიდრე წელს იხარჯება., გათვალისწინებულია რამდნიმე სამინისტროში ხარჯების ზრდა,“-ამბობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე. 

დღის ამბები