19 აპრილი 2024,   13:14
ვრცლად
იქ გაჟღერებული ამბები რეალობასთან ჩემი აზრით არ უნდა იყოს ახლოს - ჯანდაცვის მინისტრი სკანდალურ ჩანაწერებზე 

სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც ორი დღის წინ „რუსთავი2“-ის ეთერით გავრცელდა და რომელიც გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაშია გაკეთებული, ჯანდაცვის მინისტრი ეხმაურება.

საქმე ეხება ჩანაწერებს, სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს და ყოფილ მაღალჩინოსანს, დავით ცუხიშვილს ესაუბრება.  

ქვეყანაში მოქმედი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც მმართველი პოლიტიკური ძალის კრიმინალურ დაკვეთებს ასრულებენ, იტაცებენ ადამიანებს, აწამებენ სასურველი ჩვენებების მისაღებად და ზეწოლას ახდენენ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების მოწმეებზე - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფაქტებისა, რომლის შესახებაც  ფარულ ჩანაწერებშია საუბარი.

დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ დავით ცუხიშვილი მისი უწყების თანამშრომელია, თუმცა გაურკვეველია რა სტატუსით მონაწილეობდა იგი შეხვედრაში.

ჯანდაცვის მინისტრისთვის ჩანაწერში გაჟღერებული ფაქტებიც დაუჯერებელია.

„ამ ჩანაწერებს რომ მოვუსმინე, პირველი შთაბეჭდილება იყო, რომ წარმოუდგენელია ეს რეალური იყოს. რამდენადაც მე ვიცი ამ ჩანაწერების ირგვლივ აღძრულია გამოძიება და მე მგონი, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ჩემი პირადი პოზიცია არის, რომ იქ გაჟღერებული ამბები რეალობასთან ჩემი აზრით არ უნდა იყოს ახლოს,“-აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

ჩანაწერების მთავარი ფიგურანტი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანია. 

სუბელიანი არაერთ გახმაურებულ საქმეზე საუბრობს, მათ შორისაა ე.წ. ციხის ბუნტის საქმე, რომელზეც ბაჩო ახალაიას გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. სუბელიანი სკანდალურ ჩანაწერში ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის სასურველი ჩვენებები მოსაპოვებლად მან მოწმეებზე ფიზიკური ზეწოლა მოახდინა.

მისი განცხადებით, მან ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებები ე.წ. კანონიერ ქურდებს მიაცემინა.

ჩანაწერში მირზა სუბელიანი ასევე საუბრობს ეკა ბესელიასა და უდოს კომისიის შესახებ. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, რომ მას დავალებებს სოზარ სუბარი აძლევდა.

პატიმრობაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ არასოდეს წასულა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ კომპრომატების გამოყენებასაც სავარაუდოდ არ აპირებ, თუმცა ამბობს, რომ მას ჰყავს 50 კაციანი შეირაღებული ჯგუფი.

სუბელიანი ჩანაწერში დეტალურად განმარტავს, ვინ და როგორ გააყალბა მოზარდების მკვლელობის საქმე.

ამავე თემაზე
დღის ამბები