საპარლამენტო უმრავლესობა შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს - ამის შესახებ განცხადება, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ზოიძემ გააკეთა.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სკანდალურ აუდიო ჩანაწერებს გამოეხმაურა, რომელიც ე.წ. გლდანის ციხეშია გაკეთებული და სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, არაერთ გახმაურებულ საქმეზე, კანონდარღვევაზე, ძალადობის შედეგად მოპოვებულ ჩვენებებსა და მოზარდების მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე საუბრობს.
აკაკი ზოიძის თქმით, მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესი ბოლომდე მივიდეს და დადგინდეს როგორც ჩანაწერის ავთენტურობა, ასევე მოხდეს გამოძიება იმ ფაქტებისა, რომელზეც ჩანაწერშია საუბარი.
მისივე განცხადებით, აუცილებელია სუბელიანმა მტკიცებულებების სახით წარადგინოს ის "ტერბაიტები", რომელიც მას კომპრომატის სახით აქვს შენახული.
მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ შს მინისტრს პარლამენტში არა მარტო ოპოზიცია, არამედ უმრავლესობაც იბარებს, რათა გიორგი გახარიამ არსებულ კითხვებს პასუხები გასცეს. აკაკი ზოიძე საკითხზე არც საპარლამენტო კომისიის შექმნას გამორიცხავს.
„ყველა კითხვაზე უნდა იყოს პასუხი გაცემული, ჭეშმარიტების პატარა მარცვალიც რომ იყოს მთელ საუბარში, რაც მე მეეჭვება მაგრამ საზოგადოებისათვის ეჭვის ნატამალი არ უნდა დარჩეს. ოპოზიცია კი არა ჩვენ პარლამენტის წევრები ვითხოვთ, პირველი მე ვითხოვ როგორც მოქალაქე და პარლამენტის წევრი თუ სუბელიანს რაიმე მტკიცებულებები გააჩნია ამ საკითხზე წარმოადგინოს. ჩვენი მხრიდან პარლამენტი გააკეთებს ყველაფერს, რომ ბოლო დეტალამდე ჩავეძიოთ ამ საკითხში. პროკურატურამაც და შინაგან საქმეთა სამინისტრომაც ყველა ღონისძიება იხმაროს რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.