კრიმინალები შეხვდებიან და იქნება "რაზბორკა" ვინ ჩაწერა და გამოიტანა ფირი - გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია"-ს საპრეზიდენტო კანდიდატს არ სჯერა,რომ გამოძიება რეალურ შედეგს გამოიღებს.
გრიგოლ ვაშაძე ფიქრობს, რომ სკანდალურ ჩანაწერებში მონაწილე პირების გამოკითხვა მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება.
„იმდენი ფირი, რამდენიც „ომეგას“ და ,,იბერიის“ საქმის დატერორებაზეა გამოქვეყნებული, აქამდე ყველა დამნაშავე დასჯილი თუ არა, დაკავებული უნდა იყოს. ყველა ვინც ამ ფირებში ფიგურირებს. დარწმუნებული იყავით, არავითარი გამოკითხვა არ იქნება. ეს იქნება სუფთა წყლის ფორმალობა, ერთი კრიმინალი შეხვდება მეორეს, რაღაცაზე მოილაპარაკებენ და დაიწყებენ რაზბორკას. ხომ გახსოვთ ეს ტერმინოლოგია, რომლითაც პარლამენტის დეპუტატი და ყოფილი პროკურორი საუბრობენ.
დაიწყებენ რაზბორკას, როგორ მოხდა რომ სუბელიანის და მისი საუბარი ვიღაცამ ჩაწერა და გამოიტანა“-აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
ჩანაწერები გლდანის ციხიდან 14 ოქტომბერს გავრცელდა. როგორც ჩანაწერებიდან ირკვევა, პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან, მირზა სუბელიანთან ვიქტორ ჯაფარიძის საუბარს, ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ცუხიშვილიც ესწრებოდა. მირზა სუბელიანი გახმაურებულ საქმეებზე და მათი გამოძიების ძალადობრივ მეთოდებზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბევრი მტკიცებულება აქვს.
გარდა ამისა, ჩანაწერში საუბარია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე.