„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ჩანაწერმა, სადაც მირზა სუბელიანი გახმაურებული საქმეების გამოძიებაზე, ძალადობაზე, ცრუ მოწმეებსა და საქმის მასალების ფალსიფიცირებაზე საუბრობს, ქვეყანაში არსებული მძიმე რეალობა გამოააშკარავა.
აბესაძე ამბობს, რომ ამ მძიმე ვითარებას მინისტრთა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ცინიკური დამოკიდებულება კიდევ უფრო უსვამს ხაზს. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, ყველა ჩანაწერი ნათელს ხდის, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა.
„ერთის მხრივ ფარულმა ჩანაწერებმა და მეორეს მხრივ საპარლამენტო უმრავლესობის თუ მინისტრების ცინიკურმა განცხადებებმა, რომლებიც ცდილობენ თავიც მოიტყუონ და საზოგადოებაც მოატყუონ გამოააშკარავა ძალიან მძიმე რელობა, რომ ქვეყანაში მართლაც სახელმწიფო სტრუქტურებს მართავენ არაფორმალური პირები, რომლებიც დაუსჯელობის აბსოლუტური განცდით თავს უფლებას აძლევენ ბიზნესს გამოსძალონ ფული იძალადონ მოწმეებზე, გააყალბონ სისხლის სამართლის საქმის შედეგები, მათ შორის ისეთ მძიმე საქმეზე, როგორიც არასრულწლოვნების მკვლელობაა.
ეცდებიან დაგვაჯერონ, რომ მირზა სუბელიანს რაღაც ელანდებოდა ციხეში, მაგრამ, ფაქტია, რომ ამ ჩანაწერებში არსებული ფაქტები მთლიანად ემთხვევა იმ მძიმე რეალობას, რასაც ჩვენ ყოველდღიურ რეალობაში ვუყურებთ“-ამბობს აბესაძე.