არცერთი წვეთი სისხლი, რომელიც იქნება სამშობლოსთვის დაღვრილი, არ იდგება კითხვის ნიშნის ქვეშ - ესაა პრეზიდენტის არაპირდაპირი პასუხი კითხვაზე, ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე.
გიორგი მარგველაშვილს მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კითხვა საგანგებო პრესკონფერენციაზე დაუსვეს.
პრეზიდენტის განცხადებით, ახლა ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ არ არის კონკრეტული ადამიანების ემოცია საინტერესო.
მარგველაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში სახელმწიფოებრიობის პრობლემა დგას და ამ მოცემულობაში, ის მხარს დაუჭერს კანდიდატს, რომელიც მტკიცე იქნება თავის გადაწყვეტილებებში დაიცვას ერთიანი საქართველოს ღირსება და დაიცვას იმ ადამიანების ღირსება, რომელთაც გაცნობიერებული ექნებათ, რომ სამშობლოს დაცვა და თავის გაწირვა ყველაზე დიდი მისიაა.
„მე მივცემ ხმას საქართველოს, რომელიც მტკიცეა თავის გადაწყვეტილებაში, ისე როგორც 5-10-15 საუკუნის წინ დაიცვას თავსი მიწა-წყალი, გაანადგუროს მტერი, რომელიც შემოსულია და დაიპყრო ჩვენი სამშობლო, უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების დაცულობა, და სიამაყე ამ სამშობლოში ცხოვრებით, გახდეს და იყოს კაცობრიობის კულტურისა და სულიერების ერთ-ერთი აკვანი.
მაგრამ იმისთვის რომ ეს ქვეყანა არსებობდეს ჩვენი მებრძოლები უნდა იყვნენ გამაგრებული იმ სიმტკიცით, რომელსაც ვაძლევთ პოლიტიკოსები, რომ სამშობლოს დაცვა არის ყველაზე დიდი ღირსება და ამისთვის სიცოცხლის შეწირვა ყველაზე დიდი ღირსებაა. არასდროს არცერთი წვეთი სისხლი რომელიც დაიღვრება ჩვენი სამშობლოს დაცვაში არ იქნება ტყუილად და არ იქნება კითხვის ნიშან დასმული,“-აცხადებს პრეზიდენტი.