20 აპრილი 2024,   17:26
ვრცლად
სუბელიანის სკანდალური ჩანაწერები - მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ინტერესების დამცველები პროკურატურას მიმართავენ

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტები, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ინტერესებს იცავენ სკანდალურ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურნენ.

საუბარია ჩანაწერებზე, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი მოზარდების მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე საუბრობს.

იურისტები პროკურატურის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რადგან უწყებას გამოძიება დაწყებული აქვს მხოლოდ ჩანაწერების მოპოვება-გავრცელების კუთხით და აუდიოფაილის შინაარსს არ სწავლობენ.

უფლებადამცველები პროკურატურას მოუწოდებენ, საუბრის შინაარსის შესწავლა დაიწყოს. მათი თქმით, ჩანაწერში არაერთი დანაშაულის ნიშანი იკვეთება, რომელზეც შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს.

იურისტების განცხადებით, ჩანაწერით მტკიცდება, რომ მირზა სუბელიანს უარყოფითი გავლენა ჰქონდა მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებაზე. გამართლდა ეჭვი, რომ პროკურატურამ ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვნებისგან ​გარკვეული ინფორმაცია ფიზიკური ზეწოლით მიიღო .

„აქამდეც არაერთხელ მოგვიხდენია რეაგირება, მიგვიმართავს პროკურატურისთვის არაერთხელ, რომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ნეგატიურ გავლენას ახდენდა გამოძიების დაწყებისთანავე ამ საქმის გამოძიებაზე,“- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა.

დღის ამბები