25 აპრილი 2024,   18:05
ვრცლად
ქალბატონო სალომე, დასრულდა თქვენი დრო, ვერ გიშველით ეგ სპექტაკლები, დატოვეთ დარბაზი" - ბესელია სამადაშვილის დაპირისპირება 

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომა ხმაურით დაიწყო. დეპუტატებს შორის სიტყვიერი კამათი სკანდალურ ფარულ ჩანაწერებს ეხებოდა, რომელიც ე.წ. გლდანის ციხეშია გაკეთებული და სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი არაერთ გახმაურებულ საქმეზე, კანონდარღვევაზე, ძალადობის შედეგად მოპოვებულ ჩვენებებსა და მოზარდების მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე საუბრობს.

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა მოითხოვა, რომ კომიტეტის სხდომა სკანდალურ ჩანაწერებზე საუბრით დაწყებულიყო, რასაც ურთიერთბრალდებები მოჰყვა. დეპუტატს ასევე აინტერესებდა, დაიბარებდნენ თუ არა პარლამენტში ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს.

„აღმოჩნდა, რომ მძევლად ჰყავხართ აყვანილი ყველა ვინმე სუბელიანს იმიტომ, რომ გაშანტაჟებთ,“- განაცხადა სამადაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მანდატურებს მოსთხოვა, რომ სალომე სამადაშვილს იურიდიული კომიტეტის სხდომა დაეტოვებინათ, რადგან მისი შეფასებით, ოპოზიციის წევრმა რეგლამენტი დაარღვია.

„გაფრთხილებას გაძლევთ ქალბატონო სალომე და იძულებული ვარ, შეგახსენოთ, თქვენ რომელიც წარმოადგენდით ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვან ადგილას და ძალიან დიდი სირცხვილია, რომ თქვენ ადამიანი, რომელიც პატივს არ სცემთ კანონს, რეგლამენტს... ქალბატონო სალომე, დასრულდა თქვენი დრო, ვერ გიშველით ეგ სპექტაკლები თქვენ. ან მიბრძანდით, დატოვეთ დარბაზი, ან გაჩუმდით,“- მიმართა ეკა ბესელიამ სალომე სამადაშვილს.

ჩანაწერებში მირზა სუბელიანი არაერთ გახმაურებულ საქმეზე საუბრობს, მათ შორისაა ე.წ. ციხის ბუნტის საქმე, რომელზეც ბაჩო ახალაიას გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. სუბელიანი სკანდალურ ჩანაწერში ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის სასურველი ჩვენებები მოსაპოვებლად მან მოწმეებზე ფიზიკური ზეწოლა მოახდინა. მისი განცხადებით, მან ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებები ე.წ. კანონიერ ქურდებს მიაცემინა.

ჩანაწერში მირზა სუბელიანი ასევე საუბრობს ეკა ბესელიასა და უდოს კომისიის შესახებ. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, რომ მას დავალებებს სოზარ სუბარი აძლევდა.

დღის ამბები