საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც ქვეყანაში ინსტიტუციების შესუსტებას ეხებოდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან. განცხადება, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა გააკეთა.
"ქართული ოცნების" დეპუტატი პრეზიდენტის შეფასებებს არ ეთანხმება. გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში ანგაჟირებულობის მომენტი მეტია.
"ზოგადად მომხრე ვარ ხოლმე დიდი დიალოგების. პრეზიდენტს შეფასებაში არ ვეთანხმები იმ ნაწილში, სადაც ანგაჟირებულობის მომენტი უფრო მეტია, მაგრამ ქვეყანას მართავენ ინსტიტუციები, მე არ ვეთანხმები ამ შეფასებას და შემდეგ როგორც გინდათ, დაადეთ თქვენი ხმა თქვენს სიუჟეტზე,“- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მმართველი გუნდის წარმომადგენელმა პრეზიდენტის ბრიფინგის იმ ნაწილზეც ილაპარაკა, სადაც მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მოკლული სანდრო გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძის მსგავსად, შვილმოკლული მამა, ზაზა სარალიძეც ჩვენი შვილების სიცოცხლეს იცავს.
ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, გირგვლიანის გარდაცვალებაში სახელმწიფოს წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები, რაც ამ ეტაპზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში არ იკვეთება.
მისივე განმარტებით, მოზარდების მკვლელობის საქმის დახურვის შემდეგ, ის უკვე შედეგს შეაფასებს.