25 აპრილი 2024,   08:23
ვრცლად
„მოიხედე შენ აქეთ, ქართული არ გესმის? ვიცოდი, რომ სისულელეებს ამბობდა და რა უნდა მეთქვა?" - ჯაფარიძე პროკურატურის გავრცელებულ ჩანაწერზე

პროკურატურის მიერ ახალი ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, სადაც ერთმანეთს კვლავ მირზა სუბელიანი და ვიქტორ ჯაფარიძე ესაუბრებიან, მესტიის მაჟორიტარი კიდევ ერთ სატელეფონო კომენტარს აკეთებს.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ის ზაფხულში ნამდვილად შეხვდა სუბელიანს, თუმცა ეს ოჯახის წევრების მოთხოვნით მოხდა.

მთავარ კითხვაზე, თუ ჯაფარიძემ ჯერ კიდევ 6 ივლისს იცოდა, რომ მირზა სუბელიანი ცრუ ბრალდებებით შეეცდებოდა ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებას, რატომ შევიდა კიდევ ორჯერ იმავე თემაზე სასაუბროდ.

ამ კითხვაზე ჯაფარიძე ამბობს, რომ სუბელიანი „გონზე არ იყო“ და მისი საუბარი სერიოზულად არ ჩაუთვლია.

„არ ვიცი საპატრიარქოში ვიყავი. 6 ივლისს ვიყავი მირზა სუბელიანთან. არ არის ადამიანი გონზეთქო არ გესმით? მე არ მახსოვს როდის მითხრა, მაგრამ მითხრა.

მომისმინე, მოიხედე აქეთ, მე გითხარით თქვენ მირზა სუბელიანის ნალაპარაკები ჩემთვის იყო არასერიოზული, მასთან შევდიოდი ოჯახის მოთხოვნით, რომ არ იყო გონებაზე აშლილი იყო. შედი დაამშვიდე დააწყანარეო.  კიდევ რომ, მთხოვონ კიდევ შევალ,“-ამბობს ჯაფარიძე „რუსთავი2“-თან სატელეფონო საუბრისას.

კითხვას, ჩააყენა საქმის კურსში თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლები მას შემდეგ რაც, მირზა სუბელიანი მას დაარქივებულ ვიდეო ფაილებზე ესაუბრა, რომლის საშუალებითაც „აყირავებას“ უპირებდა ხელისუფლებას, ჯაფარიძე უპასუხოდ ტოვებს, ის მხოლოდ იმას იმეორებს, რომ მირზა სუბელიანი სტრესის ქვეშ იყო და მის საუბარს სერიოზულად არ თვლიდა და მხოლოდ უსმენდა.

„მოიხედე შენ აქეთ, ქართული არ გესმის? ვიცოდი, რომ სისულელეებს ამბობდა და რა უნდა მეთქვა? ნუ ატრიალებ. მირზა სუბელიანის საუბარი ჩავთვალე თავიდან ბოლომდე არასერიოზულად ამიტომაც ვთქვი და გავაკეთე განცხადება თქვენს ეთერშიც. მირზა სუბელიანის საუბარი იყო წნეხის ქვეშ მყოფი ადამიანის საუბარი“-ამბობს ჯაფარიძე.

პროკურატურამ ცოტა ხნის წინ ახალი ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელიც გამოძიების ვერსიით გლდანის ციხეშია ჩაწერილი, ერთმანეთს კი მირზა სუბელიანი და ჯაფარიძე ესაუბრებიან, ჩანაწერში აღარ ჩანს მესამე პირი მაღალჩინოსანი დავით ცუხიშვილი.

საგამოძიებო უწყება ამ ჩანაწერის გავრცელებით სავარაუდოდ, შეეცადა გაებათილებინა მანამდე გავრცელებული ჩანაწერი და იქ სუბელიანის მიერ დასახელებული სკანდალური ფაქტები. ეს კი აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა დღეს გავრცელებული ჩანაწერი ინსცენირებული იყოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები