20 აპრილი 2024,   12:18
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე ვადანაშაულებთ დანაშაულში თანამონაწილეობისთვის - ნიკა გვარამია

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს. ნიკა გვარამიამ ირაკლი კობახიძე დანაშაულში თანამონაწილეობაში დაადანაშაულა. 

ამის დასტურად "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორს ბიუროს გუშინდელი სხდომა მოჰყავს, სადაც ირაკლი კობახიძემ დეპუტატ ნიკა მელიას სიტყვა გააწყვეტინა და განაცხადა, რომ მელიამ ის სპექტაკლი გაშიფრა, რომელიც ნიკა გვარამიამ დადგა. ნიკა მელია კი ამ დროს მირზა სუბელიანის იმ განცხადებაზე საუბრობდა, სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ის პატიმრობაში მხოლოდ ერთ წელზე დარჩენაზე გარიგდა.

ნიკა გვარამია ითხოვს, რომ კობახიძემ პასუხი აგოს, რადგან მას ჯერ კიდევ გუშინ წამოსცდა ახალი ჩანაწერის შესახებ.

„რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,  რომელიც ნიკა მელიას მოულოდნელად დაესხა თავს, რომ მას წამოსცდა რაღაც პირდაპირ ეთერში. ეს წამოცდენა იყო არა ნიკა მელიასი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის. სწორედ ამ ჩანაწერის შინაარსისკენ წაიყვანა გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ თავის შენიშვნა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ დანაშაულში არა პირველ დანაშაულში, არამედ ახლა შექმნილ დანაშაულებრივ ჩანაწერში, რომლითაც ცდილობენ უმძიმეს კრიმინალურ მოვლენებს დააფარონ ხელი და ჩაფარცხონ, გარეულია არა მხოლოდ სამართალდამცველი ორგანოები, არამედ საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების უმაღლესი ხელმძღვანელობაც,  პირველ რიგში, ირაკლი კობახიძე, რომელმაც გუშინ თავის ყველასთვის აუხსნელი ჩაკითხვით თუ ჩართვით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიგვანიშნა იმაზე, რომ ის საქმის კურსში იყო, რომ ამგვარი დანაშაულებრივი ჩანაწერი ითხზვებოდა კულუარებში. ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენ ასევე ვადანაშაულებთ დანაშაულში თანამონაწილეობისთვის და მივიჩნევთ, რომ იგი უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული,"-აცხადებს ნიკა გვარამია.

დღის ამბები