24 აპრილი 2024,   00:27
ვრცლად
სკანდალური ჩანაწერები - ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის მოწმის, შალვა თათუხაშვილის, მამის მძიმე ბრალდება ბიძინა ივანიშვილს

სკანდალური ჩანაწერების გასაჯაროებას, სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი - მირზა სუბელიანი, სასურველი ჩვენების მისაღებად მოწმეების სადისტურად დაკითხვის დეტალებზე საუბრობს, გენერალ გოგი თათუხაშვილის მძიმე ბრალდება მოჰყვა. ის ბიძინა ივანიშვილს შვილის სიკვდილში ადანაშაულებს. 

შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთი მოწმის - შალვა თათუხაშვილის, მამაა. გენერალი ამტკიცებს, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება მის შვილს წამების შედეგად მიაცემინეს.

მძიმე ბრალდება გენერალმა გოგი თათუხაშვილმა საქართველოს ყოფილ პრემიერს მას შემდეგ წაუყენა, რაც ფარულ ჩანაწერებში მირზა სუბელიანმა აღწერა, როგორ იტაცებდნენ და აწამებდნენ სასურველი ჩვენების მისაღებად ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის მოწმეებს.

გოგი თათუხაშვილის შვილი - სპეცრაზმელი შალვა თათუხაშვილი, სუბელიანის მიერ დასახელებული ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთი მოწმეა. 2006 წლის 12 იანვარს ჩატარებულ სპეცოპერაციაზე გამოძიება ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაიწყო. ამ საქმეზე პროკურატურამ თათუხაშვილი 2014 წელს ორჯერ დაკითხა. 

გოგი თათუხაშვილის განცხადებით, მისი სპეცრაზმელი შვილი "პროკურატურის სიკვდილის ბრიგადამ" იმსხვერპლა.

შინაგანი ჯარების ყოფილი სარდლის მტკიცებით, მისი შვილის ჩვენება, რომელიც პროკურატურას აქვს, ყალბია, რადგან ნავთლუღის სპეცოპერაციის მომენტში სპეცრაზმელი თათუხაშვილი ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა და პერიმეტრის დასაცავად მხოლოდ ოპერაციის დასრულების შემდეგ გამოიძახეს.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, სპეცრაზმელი ბოლოს ძმამ ნახა. როგორც გიორგი თათუხაშვილი იხსენებს, შალვამ მას უამბო, რა ზეწოლის ქვეშ იყო პროკურატურის მხრიდან და როგორ აიძულებდნენ ცრუ ჩვენების მიცემას. გიორგი თათუხაშვილის თქმით, ვიდრე მის ძმას ხელმეორედ გაიტაცებდნენ, მან ოჯახის გაფრთხილება მოასწრო.

გიორგი თათუხაშვილი იხსენებს, რომ ამის შემდეგ მისი ძმა ხელბორკილდადებული წაიყვანეს პროკურატურის წარმომადგენლებმა. უკან დაბრუნებული კი მოულოდნელად გარდაიცვალა.

მოწმე, რომელმაც თათუხაშვილის საქმის შემდეგ პოლიტიკური თავშესაფარი ევროპაში ითხოვა, ჰყვება, რა ვითარებაში ნახა გარდაცვლილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცრაზმის ყოფილი უფროსი.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები