14 ნოემბერი 2018,   01:21
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძის პლაკატები წითლად შეღებეს და დააზიანეს, თითქმის, ყველა მუნიციპალიტეტში

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პლაკატები წითლად შეღებეს და დააზიანეს თითქმის ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.

თვითმხილველების ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები გრიგოლ ვაშაძის პლაკატებს გლდანის და ავჭალის ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში აზიანებდნენ.

ნაციონალური მოძრაობა მომხდარს ოპოზიციურ პარტიაზე ორგანიზებულ შეტევად აფასებს და არჩევნებში მმართველი პარტიის მოსალოდნელი დამარცხებით ხსნის.

პლაკატები დაზიანებულია მარნეულის ცენტრში და თითქმის ყველა სოფელში. გრიგოლ ვაშაძის პლაკატები დაზიანებულია ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალურ ცენტრში, მათ შორის, გამგეობების წინ და ისეთ ტერიტორიებზე, სადაც საპატრულო პოლიცია აქტიურად გადაადგილდება.

საპატრულო პოლიციის და პროკურატურის ოფისების წინ დააზიანეს გრიგოლ ვაშაძის პლაკატები ოზურგეთში.

გრიგოლ ვაშაძე ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელის პლაკატებიც გასულ ღამეს მთელი ქვეყნის მასშტაბით დააზიანეს.

მომხდართან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაზე საუბარიც კი არ უნდათ მმართველ გუნდში. ოპოზიციის ყველა ბრალდება, მათი შეფასებით, უსაფუძვლოა. ქართული ოცნება გაერთიანებულ ოპოზიციას ურჩევს, რომ რეაგირებისთვის პოლიციას მიმართოს.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის პლაკატების დაზიანების ფაქტზე შსს-მ მოკვლევა დაიწყო. პოლიცია საქმის მასალებს შესწავლის შემდეგ რეაგირებისათვის ადგილობრივ თვითმმართველობას გადაუგზავნის.

 

 

 

ავტორები: ჯეიხუნ ნარზალოვი, ნათია ჟამერაშვილი.

დღის ამბები