24 აპრილი 2024,   11:50
ვრცლად
ბრალეულობას ვერ ვხვდებით... დანაშაულის ნიშნები არ არსებობს - პატარკაციშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალი პროკურატურამ კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს - ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს წაუყენა.

სამი ბრალდებულიდან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა მხოლოდ მერებაშვილი დააკავეს, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

რაც შეეხება დანარჩენ ორ ბრალდებულს, ლევან ქარდავას და რევაზ შიუკაშვილს, მათ სისხლის სამართლის სხვა საქმეებზე პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვთ.

ადვოკატების თქმით, დაცვის ქვეშ მყოფისთვის წაყენებული ბრალდება აბსურდულია. მათი განცხადებით, საქმის მასალებში არსებობს აუდიოჩანაწერი, თუმცა მასში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. 

იურისტები ვარაუდობენ, რომ პროკურატურას ხმაურიან საქმეზე ბრალის წარდგენა ბოლო დროის სკანდალებიდან საზოგადოების ყურადღების გადასატანად დასჭირდა.

„ბრალეულობას ვერ ვხვდებით, რაში გამოიხატა, ბრალი არის დანაშაულის მომზადებაზე, რაც გულისხმობს გარკვეული პირობების შექმნას ამ დანაშაულის ჩადენისთვის, არ არის გამოხატული კონკრეტული ქმედებები, რა განახორციელეს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის შესაბამისად, ვთვლი, რომ დანაშულის ნიშნები არ არსებობს,“- განაცხადა ადვოკატმა, ქეთი მირიანაშვილმა.

 

დღის ამბები