23 აპრილი 2024,   21:47
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე, ელიტურ კორუფცია, ნეპოტიზმი - არასამთავრობოები აშშ-ში შეხვედრებს მართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვაშინგტონში იმყოფებიან. მათ შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტსა და მარშალის ფონდში გამართეს, სადაც „რუსთავი 2-ის“ საქმეზე, ელიტურ კორუფციაზე, ნეპოტიზმსა და საარჩევნო პრობლემებზე ისაუბრეს. სამოქალაქო სექტორი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, ყურადღებით ადევნოს თვალი საქართველოში დემოკრატიის კუთხით არსებულ გამოწვევებს, მათ შორის მედიის თავისუფლების საკითხს.

„მათ აინტერესებთ, რამდენად ეფექტურად იხარჯება ის ფული, რომელსაც ისინი უგზავნიან საქართველოს მთავრობას, რათა რეფორმები განახორციელონ. ჩვენ ვსაუბრობდით კორუფციულ სკანდალზე, რასაც ადგილი აქვს ბოლო პერიოდის განმავლობაში. ჩვენი მთავარი რეკომენდაციაა, რომ ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა ინდა დაიწყოს სათავიდან, ემრეო ნაბიჯია, რომ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური შეიქმნას,“- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თქმით, ისეთი ვითარება არ არის, როდესაც წამყვანი მაუწყებლები მთლიანად კონტროლდებოდა, თუმცა მოცემულობა განგაშის საფუძველს იძლევა და არა მხოლოდ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით.

„რუსთავი 2“ დამოუკიდებელი ტელეკომპანიაა, სამართლებრივ დავებში აღმოჩნდა, რომლებიც, ფართოდ გავრცელებული აზრით მთავრობის მიერ მხარდაჭერილი იყო. ამ საქმეს ახლა სტრასბურგში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო იხილავს. "რუსთავი 2"-ის ბედი სასამართლოს განაჩენზეა დამოკიდებული და არ ვიცით ეს რამდენ ხანს გაგრძელდება. საგანგაშო ნიშნებია პატარა ტელემაუწყებლებთან დაკავშირებით, რომლებიც საუბრობენ მთავრობის მცდელობებზე, შეცვალონ მფლობელები ან გავლენა მოახდინონ სარედაქციო პოლიტიკაზე. საგანგაშო ტენდენციაა მარეგულირებელთან დაკავშირებითაც. გასული წლიდან საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი დირექტორი ჰყავს, რომელიც მჭიდროდ არის აფილირებული მმართველ პარტიასთან და ყოფილ პრემიერ ივანიშვილთან,“- განაცხადა "ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს" მედია პროგრამების მენეჯერმა, ხატია ჯინჯიხაძემ.

ეკა გიგაურის თქმით, „რუსთავი 2“ რომ არ ყოფილიყო, საზოგადოებას მაღალი თანამდებობის პირების სავარაუდო კორუფციის შესახებ ინფორმაცია არ ექნებოდა.

„ვიდრე ჩვენ აქ ვსხედვართ, „რუსთავი 2"-ის ეთერით საქართველოში ჩანაწერთა სერიები გადიოდა, რომლებშიც საუბრები იყო კონკრეტული პირების სავარაუდო კორუფციაზე, თუმცა დამაჯერებელი პასუხები სამართალდამცველებს არ გაუციათ და ეს პრობლემაა. საპასუხოდ ვიღებთ იმას, უტევენ მათ, რომლებიც აკრიტიკებენ და მთავრობას საქმეების გამოძიებისკენ მოუწოდებენ. „რუსთავი 2"-ის საქმე იყო ნამდვილად შემაშფოთებელი და ნათელი მაგალითი იმის, როგორ იყენებს მმართველი პარტია ხელისუფლების ყველა შტოს - პროკურატურას და სასამართლოს მიზნის მისაღწევად. რა თქმა უნდა, თავს ესხმიან ტელევიზიას, რადგან ის უკიდურესად კრიტიკულია. მე ვიტყოდი, რომ არ ყოფილიყო ეს ტელევიზია, არ გვეცოდინებოდა მაღალი თანამდებობის პირების სავარაუდო კორუფციის შესახებ,“- განაცხადა ეკა გიგაურმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა განცხადებებზე დღეს პასუხების გაცემა საქართველოს ელჩს უხდებოდა.

„2012 წლამდე მთავრობის მხრიდან 3 სრულად კონტროლირებული სატელევიზიო არხი გვქონდა. დღეს, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, საქართველოს 40-ზე მეტი არხი აქვს. არც ერთი ეს არხი არ არის მორიდებული, აკრიტიკოს მთავრობა. გვაქვს ასევე პოლიტიკურად აფილირებული ოპოზიციური ტელევიზიები, თუმცა ეს მედიის თავისუფლების და დემოკრატიული განვითარების ბუნებაა. კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო 38 ადგილზეა და მედიის თავისუფლების და კანონის უზენაესობის ინდექსით, საქართველო ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას უსწრებს,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები