17 ნოემბერი 2018,   05:27
ვრცლად
პრემიერის უარი პრეზიდენტს მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევაზე - კონსტიტუციონალისტები ბახტაძის იმპიჩმენტზე საუბრობენ

კონსტიტუციის დარღვევის გამო, შესაძლოა დღის წესრიგში მამუკა ბახტაძის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს.  საუბარია დოკუმენტის 78-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის პრემიერს პრეზიდენტისთვის მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევაზე უარის თქმის უფლება არ აქვს.

კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რომ ფორმალური ნორმებით იმის არგუმენტირება, რომ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის მოწვევა არ მოხდება, უპატივცემულობის გარდა არის პირდაპირი დარღვევა საქართველოს კონსტიტუციის.

„ერთადერთი სამართლებრივი გზა შესაძლოა იყოს პარლამენტის მხრიდან მაგალითად იმპიჩმენტის გამოყენება, რაც წარმოუდგენელია პრემიერ-მინისტრთან მიმართებით. სხვა ასეთი ფორმალური პროცედურები ჩვენ არ გვაქვს. წარმოუდგენელია საუბარი ქვეყანაში იქ სადაც ასეთი დამოკიდებულება არსებობს კონსტიტუციური ინსტიტუტების მიმართ. კონსტიტუციაში მაგალითად წერია, რომ ასეთ სხდომაში უშიშროების საბჭოს მდივანმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა. ახლა ჩვენ რა დემოკრატიაზე, რა ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, რა  კონსტიტუციურ ცხოვრებაზე ვსაუბრობთ როდესაც საერთოდ იგნორირებას აკეთებენ უმრავლესობის წევრები კონსტიტუციის,“-განაცხადა საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტმა კოტე ჩოკორაიამ.

კონსტიტუციონალისტები პრემიერს მოუწოდებენ უახლოეს დღეებში შეიტანოს დღის წესრიგში ის საკითხები, რომელიც ქვეყნის პირველმა პირმა დააყენა. ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ პრეზიდენტს უნდა მიეცეს საშუალება დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მთავრობის სხდომაში.

„საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ მიუთითებს პრეზიდენტის ამ უფლებამოსილებაზე, რასაც ლოგიკურად  შეესაბამება პრემიერის ვალდებულება და ვინაიდან დღის წესრიგის შედგენა პრემიერის კომპეტენციაა, თუ ის ამას არ გააკეთებს, ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა. იმპიჩმენტის წამოწყება არის პარლამენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომლის შემდეგაც საკითხი გადადის საკონსტიტუციო სასამართლოში. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს კონსტიტუციის დარღვევას პრემიერის მხრიდან მაშინ  პარლამენტი უკვე კენჭს უყრის და 76 ხმით მას შეუძლია გადააყენოს მთავრობის მეთაური,“-განაცხადა ვახუშტი მენაბდემ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები