25 აპრილი 2024,   13:03
ვრცლად
"გადადგეს მთავრობა თავის პრემიერიანად" - საპრეზიდენტო კანდიდატები პრემიერს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ

საპრეზიდენტო კანდიდატები  პრემიერის უარს ეხმაურებიან, რომელიც მან გიორგი მარგველაშვილს მთავრობის საგანგებო სხდომის დანიშვნის მოთხოვნაზე უთხრა. გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ იმ ფონზე როდესაც ქვეყანას მართავენ არაფორმალური ბანდფორმირებები, მამუკა ბახტაძის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა გასაკვირი არაა.

„ისინი ცდილობენ სახელმწიფოს ყველა ინსტიტუციის დაკნინებას, მათ შორის პრეზიდენტის ოფისის დაკნინებას, რომელსაც უმაღლესი სამართლებრივი ლეგიტიმაცია აქვს ქართველი ხალხისგან. კონსტიტუცია არის პირდაპირ დარღვეული, ლოგიკური საფუძველი არის იმისთვის, რომ ეს მთავრობა გადადგეს თავის პრემიერ-მინისტრიანად,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და განაცხადა, რომ ნორმალური პარლამენტის შემთხვევაში უკვე მოითხოვდნენ მთავრობის გადაყენებას.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის შეფასებით კი პრემიერი ვერ აცნობიერებს იმ ღრმა კრიზისს, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი.

„ის  უარს აცხადებს დიალოგზე, ის უარს აცხადებს იმ თემების განხილვაზე, რომელიც დღეს აინტერესებს საზოგადოებას და რომელზეც საზოგადოება ელის პასუხს სწორედ ხელისუფლებისგან და მთავრობისგან. ეს ყველაფერი ნიშნავს მხოლოდ ერთს რომ დღევანდელი მთავრობა შევიდა იმ კრიზისში, საიდანაც გამოსავალი არის მხოლოდ ერთი -არჩევნები და არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მიმდინარეობს ბრძოლა წესების გარეშე-ასეთია „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის შეფასება. დავით უსუფაშვილის განცხადებით სწორედ ამიტომ არის, რომ კონსტიტუციას არავინ აღარ კითხულობს.

„აქ რა წერია ამას მნიშვნელობა არ აქვსო, გვეუბნება დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლებების მსგავსად. ვურჩევდი მთავრობას, რომ კონსტიტუციის შესაბამისად გაიზიაროს პრეზიდენტის ეს შეთავაზება. ჩაატაროს ეს სხდომა და განიხილონ სხვა საკითხიც. კერძოდ, ის რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსავალია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმება,“-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები