"არჩევნების პერიოდს ნამდვილად არ უკავშირდება პროკურატურის მიერ ვინმეს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება,“- ამის შესახებ პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წარდგენაზე განაცხადა.
ბრალდების მხარის მტკიცებით, საქმეში ჩანაწერების გარდა, სხვა მტკიცებულებებიც არსებობს, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები.
პროკურატურის ინფორმაციით, 2016 წელს ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ, იმ დროისთვის საკმარისი საფუძველი არ იყო, რომ კონკრეტული პირებისთვის ბრალი წარედგინათ, თუმცა საფუძველი ჰქონდათ, რომ პატარკაციშვილის მეუღლე, ინა გუდავაძე დაზარალებულად ეცნოთ.
„73 დისკი იქნა მოპოვებული, ყველა დისკის დათვალიერება ხდებოდა, ასევე ამ ბრალდებასთან დაკავშირებით ჩვენ ჩავატარეთ არაერთი საგამოძიებო მოქმედება, სხვა ეპიზოდებთან მიმართებაში, თუმცა საბოლოოდ დადგინდა, რომ ამ მოზარდების ნაწილში ის ქმედებები, რაც ბრალდება უკავშირდებოდა, ჩადენილია ამ სამი პირის მიერ. არჩევნების პერიოდს ნამდვილად არ უკავშირდება პროკურატურის მიერ ვინმეს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. მიმაჩნია, რომ უფრო მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ იმ ფაქტებსა და გარემოებებზე, რა მძიმე დანაშაულს ამზადებდნენ ეს პირები, ვიდრე ვთქვათ, იმ პერიოდზე, როდის დაიწყო ბრალდების მხარემ ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე დევნა,“- განაცხადა პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ.
ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე პროკურატურამ ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს - ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილს და გიორგი მერებაშვილს წაუყენა.