25 აპრილი 2024,   17:54
ვრცლად
ჩვენი პოზიციაა, არხის დამფუძნებლებმა ის იურიდიული და ფინანსური ვალდებულებები შეასრულონ, რომლებიც ჩვენს წინაშე აქვთ -„იბერიას“ თანამშრომლები

„ომეგას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, პარლამენტის წევრი, ნატო ჩხეიძე ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლებს შეხვდა. ტელეკომპანიის თანამშრომლებმა ნატო ჩხეიძისგან ტელეკომპანიის ფინანსური მდგომარეობის და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ „ომეგაში“ ფინანსური რესურსის გამოჩენის შემდეგ, ისინი დავალიანებებს გაისტუმრებენ. შეხვედრამდე კი ნატო ჩხეიძემ ბიზნესმენებს მიმართა დაეხმარონ ტელეკომპანიას მუშაობის აღდგენაში.

ჟურნალისტმა შოთა ფალავანდიშვილმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ არხის თანამშრომლების პოზიციაა, არხის დამფუძნებლებმა მათ წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებები შეასრულონ.

„არხის დამფუძნებლებმა ვერ მოახერხეს კრიზისული სიტუაციის გადალახვა, შესაბამისად, დღეს არხი არის გაჩერებული. ჩვენც ვართ აბსოლუტურად უძლური ამ ყველაფრის წინაშე. ერთადერთი, რასაც ველოდებით და ვფიქრობთ სამომავლოდ, ჩვენი პოზიცია იქნება ის, რომ არხის დამფუძნებლებმა და მენეჯმენტმა ის იურიდიული ვალდებულებები და ფინანსური ვალდებულებები, რომლებიც მათ აქვთ ჩვენს წინაშე, შეასრულონ პირნათლად,“ - განცხადა შოთა ფალავანდიშვილმა.

"ხელისუფლებამ დახურა იბერია"- დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ეკრანზე ეს წარწერა გუშინ საღამოს გამოჩნდა. უკვე მეორე დღეა, ტელეკომპანიის ეთერში საინფორმაციო გამოშვება და გადაცემები აღარ გადის. სახელისუფლებო შეტევის და ომეგა ჯგუფის სკანდალის დაწყებიდან, დაახლოებით ერთ თვეში, არხი იძულებულია ფინანსური კრიზისის გამო, მთავარი პოლიტიკური გადაცემები შეწყვიტოს.

"იბერიის" და "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლები, დამოუკიდებელი არხისთვის პრობლემების შექმნაში სწორედ ხელისუფლებას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა ამ შედეგის მისაღწევად ყველაფერი გააკეთა.

 

  

დღის ამბები