14 ნოემბერი 2018,   01:22
ვრცლად
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე - "კურიერის“ ინფორმაციით, საქმე პროკურატურამ ტელე „იმედის“ მიმართვის შემდეგ გააცოცხლა

ბადრი პატარკაციშვილის საქმე - რევაზ შიუკაშვილს, ლევან ქარდავას და გიორგი მერებაშვილს პატარკაციშვილის მკვლელობის ორგანიზებისთვის ბრალი გუშინ წაუყენეს.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, რევაზ შიუკაშვილი, ერთ-ერთია ოთხი ბრალდებულიდან, რომელსაც პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას ედავება. შიუკაშვილი ამტკიცებს, რომ საქმე ხმაურიანი სათაურით - "პატარკაციშვილის მკვლელობის ორგანიზება", ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ სჭირდება.

პატარკაციშვილის მკვლელობის ორგანიზების საქმით წინასაარჩევნოდ მანიპულირებასთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ ადვოკატებსაც. 5 ტომიანი საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, იურისტები ამბობენ, რომ ამ საქმის გამოძიება პროკურატურას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ჰქონდა დასრულებული. 

რა შეიცვალა 2 წლის შემდეგ - „კურიერის“ ინფორმაციით, თაროზე შემოდებული საქმე პროკურატურამ ტელე „იმედის“ მიმართვის შემდეგ გააცოცხლა. მთავარმა საგამოძიებო ორგანომ „იმედიდან“ 2016 წლის დეკემბერში გამოთხოვილ ინფორმაციაზე პასუხი მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს მიიღო.

სწორედ „იმედიდან“ მიღებული პატარკაციშვილის საჯარო გამოსვლების აუდიო ვიდეო ჩანაწერი გახდა მიზეზი გამოძიების წინასაარჩევნოდ განახლების. პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ამ ახალი მტკიცებულებების და 2016 წელს ამოღებული აუდიო ჩანაწერის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება კუდის 3 ყოფილი მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობაში მიცემის შესახებ. 

პროკურატურის მტკიცებით, უკანონო მოსმენის გარდა, ბრალდებულები ბიზნესმენ პატარკაციშვილის გადაადგილების და მისი გარემოცვის წევრების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ. საქმის მასალებით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის ორგანიზება მათ 2007 წლის თებერვალში დაიწყეს. მას შემდეგ, რაც პატარკაციშვილმა ბიზნესიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა და მაშინდელი ხელისუფლების ოპოზიცია გახდა. პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულების მიზანი მისი პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორება იყო.

ბრალდების ფორმულირებას ადვოკატები კატეგორიულად არ ეთანხმებიან. მათ მიაჩნიათ, რომ ჩანაწერში, რომლის ავთენტურობასაც ისინი ეჭვქვეშ აყენებენ, დანაშაულის ნიშნები არაა. ადვოკატები ამტკიცებენ რომ საქმეში აუდიომასალა ფალსიფიცირებულია.

პროკურატურა საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გამოძიებას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც არ გამორიცხავენ სხვა პირების მათ შორის ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთს.

დღის ამბები