26 ივნისი 2019,   09:03
ვრცლად
ზურაბიშვილის გამოსვლა იყო არასწორად ინტერპრეტირებული - უმრავლესობა ზურაბიშვილის ქსენოფობიურ განცხადებებს ეხმაურება

პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებთან შეხვედრის დროს გაკეთებულ განცხადებებს, მმართველი პარტია ეხმაურება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, ზურაბიშვილის გამოსვლებს არასწორი ინტერპრეტაცია უკეთდება.

ზურაბიშვილის განცხადებით თურქული მედია დაინტერესდა და ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნდა პოლიტოლოგის სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ ზურაბიშვილი სეპარატისტების დაკვეთას ასრულებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ამბობს, რომ ზურაბიშვილის განცხადება არ ყოფილა შუღლის გაღვივებისკენ მიმართული.

„მე ვიცი ის, რომ სალომე ზურაბიშვილს არ გაუკეთებია არც ქსენოფობიური განცხადებები და მისი კომენტარი, თუ მისი გამოსვლა იყო არასწორად ინტერპრეტირებული. არც ძალადობრივი არ არის, არც ქსენოფობიური არ არის და არც შუღლის გაღვივებისკენ მიმართული განცხადება არ მომისმენია მე სალომე ზურაბიშვილისგან,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას არგუმენტებს იზიარებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ნუკრი ქანთარია. დეპუტატი ამბობს, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში „ყველა სიტყვაზე გამოკიდება“ სწორი არ არის.

საპრეზიდენტო კანდიდატმა ეთნიკურად სომეხ საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ წინა პრეზიდენტმა მოქალაქეობა ბევრ თურქს მისცა, მათ კი არა.

სამოქალაქო სექტორი ამასთან დაკავშირებით მიიჩნევდა, რომ ზურაბიშვილის ეს განცხადება შუღლის გაღვივებას უწყობდა ხელს, რაც ქსენოფობიური და ანტისახელმწიფოებრივი იყო.

თურქი პოლიტოლოგი კი ვარაუდობს, რომ ზურაბიშვილი სეპარატისტების დაკვეთას ასრულებს.

დღის ამბები