19 აპრილი 2024,   19:28
ვრცლად
აქცია პროკურატურასთან - საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებულები მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვდნენ 

საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებულებმა პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან შეხვედრას და პრობლემების გაცნობას ითხოვდნენ.

დაზარალებულები ამბობენ, რომ პროკურატურა არ იცავს მათ ინტერესებს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, არსებულ ვითარებაში საჭიროა მოხდეს კომპანიის დირექტორთან, საპროცესო შეთანხმება, რადგან ის საპროცესოს გაფორმების და გათავისუფლების შემთხვევაში დაზარალებულებს ფინანსური ზიანის ანაზღაურებას ჰპირდება.

აქციის მონაწილეების განცხადებებს მთავარ პროკურატურაში უპასუხეს. უწყებაში განმარტავენ, რომ შპს ,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ დაზარალებულ პირებს მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ შეხვედრა მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს შესთავაზა, თუმცა დაზარალებულებმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადეს.

რაც შეეხება დაზარალებულების მოთხოვნას კომპანიის დირექტორისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, უწყებაში განმარტავენ: 

"დღეის მდგომარეობით, სააპელაციო ინსტანციის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაცვის მხარის მიერ უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული. მისი განხილვა არ დაწყებულა, რაც არაერთხელ განემარტა დაზარალებულებს. სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 2343 მოქალაქე. პროკურატურისათვის მნიშვნელოვანია, ყველა დაზარალებულს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, რაც არაერთხელ განემარტა როგორც დაზარალებულებს, ასევე მსჯავრდებულ პირებს. მთავარ პროკურორთან შეხვედრის შეთავაზებაზე უარისა და საქმის შემდგომ მსვლელობაზე, მათ შორის საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნაზე რეაგირების სამართლებრივ საფუძვლებზე არაერთი განმარტების მიღების შემდეგ, არსებული მოთხოვნებით პროკურატურასთან საპროტესტო აქციის ჩატარების მოტივი გაუგებარია,"-აცხადებენ პროკურატურაში. 

დღის ამბები