25 აპრილი 2024,   15:37
ვრცლად
ეროვნული ვალუტის რეკორდული ვარდნა და პანიკა სავალუტო ბაზარზე - ექსპერტები ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას პროგნოზირებენ   

ლარმა 2018 წლის გაუფასურების რეკორდი მოხსნა. სავალუტო ბაზარზე პანიკის ნიშნებია, დოლარზე მოთხოვნა იზრდება და ლარიც უფასურდება.

ეკონომისტები ლარის კურსის გაუფასურების რამდენიმე ძირითად მიზეზზე საუბრობენ და ამბობენ, რომ რამდენიმე ფაქტორი ახდენს ლარის კურსის ცვლილებაზე გავლენას.

ეკონომისტი, გიორგი პაპავა აცხადებს, რომ ლარის კურსის გაუფასურებაში გარკვეული წვლილი შეიტანა ეროვნული ბანკის მიერ რეგულაციების ძალაში შესვლის მოახლოებამ.

„შეგვიძლია გამოვყოთ სამი ფაქტორი. ერთი, თურქეთიდან მომდინარე ფაქტორი, რომელიც წესით, დიდწილად უკვე ამოწურული უნდა იყოს. მეორე ფაქტორი არის, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის, მცირედით, მაგრამ შენელება ბოლო თვეების განმავლობაში და მესამე არის ის მოლოდინები, რომელიც შექმნილია და უკავშირდება არჩევნებს და წლის ბოლო პერიოდს და საჭიროა ამ მოლოდინების სწორი მართვა, სწორი კომუნიკაცია,“ - განაცხადა პაპავამ.

ლარის კურსის გაუფასურებას ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს უკავშირებს ეკონომისტი, ზვიად ხორგუაშვილი. ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო გაუფასურდეს.

„მოლოდინები არის იმის, რომ გაუფასურდება, ამას ერთვის ის, რომ ყოველთვის მოლოდინები როდესაც აცივდება არის ხოლმე იმის, რომ მოხმარებული პროდუქცია უნდა გაიზარდოს, იმპორტირებული პროდუქცია,“ - განაცხადა ხორგუაშვილმა.

2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ლარი ასეთი გაუფასურებული ჯერ არ ყოფილა, კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის შესაძენად ორი ლარი და 74 თეთრია საჭირო.

ბლუმბერგის მონაცემებით, ლარი გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ეროვნული ვალუტა კიდევ გაუფასურდება.

ძვირდება პროდუქტიც, მოვაჭრეები ამბობენ, რომ იმპორტირებულ საქონელს ყოველდღიურად სულ უფრო ძვირად ყიდულობენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები